როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 90% კეთილთვისებიანია, 10% შემთხვევაში ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი,“ - ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ჩიყვის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩიყვს უმეტესად უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს:
„ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის მოცულობაში გაზრდა. ასევე ჩიყვი არის, თუ ნორმალური მოცულობის პირობებში ფარისებრ ჯირკვალში წარმოიქმნა კვანძოვანი ჩანართები. შეიძლება ეს კვანძები სხვადასხვა ზომის იყოს. დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვი ძირითად შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები გამოვლინდება იმ შემთხვევაში, თუ მოცულობაში ძალიან გაიზარდა ფარისებრი ჯირკვალი. თუ კვანძები გაიზარდა ზომაში, შეიძლება მოხრჩობის შეგრძნებამ შეაწუხოს ადამიანი, ყლაპვის გაძნელებამ. ზოგიერთ თანმხლებ დაავადებას ასევე ტკივილის სინდრომიც ახასიათებს. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით ხდება აღმოჩენა.“
ნაია ლატარიას თქმით, კვანძოვანი წარმონაქმნები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ცვლილებებსაც იწვევს:
„კვანძოვან წარმონაქმნებს ფუნქციური ცვლილებაც ახლავს ფარისებრი ჯირკვლის, როდესაც ჰორმონების დონე არის შეცვლილი. სიმპტომები, როგორებიც არის უძილობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, წონაში მატება, კლება, ეს ყველაფერი უკვე ფუნქციურ დარღვევებს ახასიათებს. ფარისებრი ჯირკვლის და კვანძის წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის იოდის დეფიციტი ან აუტოიმუნური პროცესები, როდესაც ფარისებს ჯირკვალს იმუნური სისტემა ებრძვის. იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს შემდგომ იოდის პრეპარატები უნდა მივცეთ და ამით დავიწყოთ მკურნალობა.“
„ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 90 % კეთილთვისებიანია. 10 % შემთხვევაში ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი. ერთ-ერთი გზა ამის დასადგენად არის ბიოფსიური კვლევა. თუ კვანძები არის კეთილთვისებიანი, მედიკამენტოზური თერაპია არ ინიშნება. ინიშნება მხოლოდ დინამიკაში დაკვირვება. თუ კვანძები არის ავთვისებიანი, მაშინ ქირურგიულად უნდა მოხდეს მათი მოშორება. ავთვისებიანი კვანძებიც ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში საიმედო პროგნოზით ხასიათდება და მკურნალობას ადვილად ექვემდებარება,“- აღნიშნულ საკითხებზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.