როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მწერის ნაკბენთან დაჯავშირებით წერს, როგორც ექიმი აღნიშნავს, ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. „ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი (ლაიმის დაავადება). კარგია, რომ გაიზარდა ამ საკითხზე ინფორმირებულობა, მაგრამ ხშირად ამ დაავადებასთან დაკავშირებული შფოთვა გადაჭარბებულია ხოლმე.
ხშირად ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი.
ბორელიოზის გადამტანია ტკიპა. ზოგჯერ ეჭვი მიაქვთ ძაღლის ტკიპის კბენის შემთხვევაშიც, თუმცა ძაღლის ტკიპა ბორელიოზის გადამტანი არ არის (ზოგიერთი სხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს). ძაღლის ტკიპა ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბორელიოზის გადამტანი ტკიპები, რომელთა ზომა არაუმეტეს 3 მმ-ია და შავი ფერისაა. ეს ტკიპები ძირითადად ტყიან და მცენარეებით მდიდარ გარემოში გვხვდება, ხოლო ძაღლის ტკიპა არ საჭიროებს ამ პირობებს.
გარეთ, ბუნებაში სეირნობის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება და კანის დათვალიერება, განსაკუთრებით ბავშვის, რომ არ გაგვეპაროს ტკიპის კანში ჩაჯდომის ფაქტი და დროულად მოხდეს მოცილება.
ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, კარგად უნდა მოეჭიდოს კანთან ახლოს და ფრთხილად ამოვიღოთ, შემდეგ კანი და ხელები დავიმუშავოთ სპირტით. ტკიპა არ გავჭყლიტოთ.
არ არის საჭირო ტკიპის ამოსაღებად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.
ბორელიოზზე ანალიზის გაკეთებას ტკიპის კბენისთანავე აზრი არა აქვს, 2 კვირა მაინც ჭირდება ანტისხეულების გამომუშავებას.
ბორელიოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კბენიდან 3-30 დღის განმავლობაში. იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც წარიმართოს. ყველაზე ხშირი სიმპტომია ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ანუ კანზე წითელი ლაქა, რომელიც გარშემო ფერმკრთალია და შემდეგ წითელი რკალით არის გარშემორტყმული. შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას (ანუ არ არის აუცილებელი ნაკბენის ადგილზე).
როგორც წესი, ბორელიის გამონაყარს არ ახასითებს ტკივილი და ქავილი.
სხვა შესაძლო სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი.
არანამკურნალევ შემთხვევებში შესაძლებელია შორეული გართულებები, ძირითადად ნერვული სისტემის მხრივ.
ნებისმიერი მწერის ნებისმიერი ნაკბენი არ საჭიროებს ბორელიოზზე მკურნალობას!“ - აღნიშნავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.