როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე
ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:
„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.
ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.