როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობისას გამოვლენილი სიმპტომებისა და მსგავს შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:
„რაც შეეხება ჭიებს, ამ დროს ძალიან ხშირია ჰიპერსალივაცია, ანუ ნერწყვდენა, ქავილი, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი სიმპტომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ბავშვს აქვს ჭიები. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა ჩავატაროთ პარაზიტოლოგიური კვლევა. ამ ტიპის კვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლით, შეიძლება განავლით.
არსებობს წვრილი ენტერობიუსის ჭიები. ეს ჭიები ადამიანთან მუდმივად თანაცხოვრებაშია, სანამ ბავშვი ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ ისწავლის, მაგრამ ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ეს ენტერობიუსის წვრილი ჭიები. ანალიზმა უნდა განსაზღვროს რომელი ჭიაა. თუ არის რაიმე რთული ჭია ვმკურნალობთ. ენტერობიუსის ჭიას ვუმკურნალებთ, მივცემთ ამ მძიმე მედიკამენტს, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი კვლავ ჩაიდებს პირში ხელს, კვლავ არ დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს და კვლავ გაჩნდება ეს ენტერობიუსის ჭიები. ამიტომ, შეგვიძლია, მათ ადგილობრივად უფრო მივხედოთ.
ნებისმიერი პრობლემის დროს მნიშვნელოვანია ექიმის რჩევების გათვალისწინება და არა სამზარეულოში მეზობლებისგან და ახლობლებისგან მიღებული რჩევებით მოქმედება,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.