როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:
„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.
რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.