როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრა:
„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არის ვირუსული დაავადება, რომელიც საკმაოდ საშიშია. ამ დაავადების მატარებელი პირუტყვიც არის. ცხოველებში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ადამიანებში დაგვიანებულმა მკურნალობამ, შესაძლოა ლეტალური შედეგიც მოიტანოს. სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე და ატარებს კონკრეტულ აქტივობებს. დღეს აქტიურ კერად სამცხე-ჯავახეთია მიჩნეული. სააგენტოს ვეტერინარების მიერ 5000-მდე ცხოველია დამუშავებული. ეს ღონისძიებები გრძელდება. ცხოველის დამუშვება ერთჯერადად არ არის საკმარისი. ცხოველებს როდესაც დავამუშავებთ და დავინახავთ, რომ ცხოველს ჰყავს ეს ტკიპა, რომელიც ამ დაავადების გადამტანი და მატარებელია, მნიშვნელოვანია ხელზე გვქონდეს ხელთათმანი, რომ თავი დავიცვათ კბენისგან.
ცხოველის საკვების, თივის დამზადებისას, მინდვრად მუშაობისას აუცილებელია კარგად დახურული ტანსაცმელი გვეცვას. ეს ტკიპა ბინადრობს მინდორში და შესაძლებელია დაკბენა ზუსტად მინდვრის პირობებში მოხდეს. დაკბენის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს. რაც შეეხება სიმპტომებს, მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. დროული მკურნალობით ამ დაავადების მართვა შესაძლებელია. როდესაც ადამიანი თავს განსხვავებულად, უჩვეულოდ და შეუძლოდ გრძნობს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს დროულად მივმართოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უშუალო კონტაქტი გვაქვს ცხოველებთან,“- მოცემულ საკითხზე ვასილ ბასილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.