როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ის შემთხვევები დაასახელა, როდესაც ბავშვს ვიტამინების მიღება ესაჭიროება:
„ყველა ბავშვს არ სჭირდება ვიტამინები. არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როდესაც ბავშვს მართლა სჭირდება ვიტამინების ჩართვა. უნდა იყოს ხანგრძლივი შიმშილობა, 50-დღიანი, 30-დღიანი. იქ შეიძლება განვითარდეს დეფიციტი. თუ არის შეწოვის პროცესების მოშლა, ასეთი პათოლოგიების შემთხვევაში ვიყენებთ ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ასეთ შემთხვევაში მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვმა უნდა მიიღოს ეს ვიტამინი.“
„ჯანმრთელმა ბავშვმა პოსტ ვირუსულ, პოსტ კოვიდურ პერიოდში საერთოდ არ უნდა მიიღოს ვიტამინი. გასაგებია, D ვიტამინი არის ყბადაღებული თემა. მსოფლიოში ასე არ არის. არსად ამდენი ვიტამინი ხელაღებით არ ინიშნება. თუ ბავშვი დღეში 15 წუთით გადის გარეთ, ღია აქვს ხელი და სახე, მას არ უვითარდება ვიტამინის დეფიციტი. ექიმმა კლინიკურად უნდა დანიშნოს არა სამკურნალო დოზა, რომელიც ხშირად უფრო საზიანოა და კენჭის გაჩენას, ღვიძლის დაავადებას იწვევს, არამედ საპროფილაქტიკო დოზა. ბავშვი არ საჭიროებს ხელაღებით ამდენი კვლევის ჩატარებასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.