Baby Bag

ყველაფერი ახალშობილის მოვლის შესახებ

ყველაფერი ახალშობილის მოვლის შესახებ

ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით  MomsEdu.ge-ს ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე ესაუბრა. 

მისი თქმით, მშობლები უცილებლად წინასწარ უნდა მოემზადონ ბავშვის დაბადებისთვის. განსაკუთრებით რთულია ე.წ. ადაპტაციის პერიოდი. დედას სჭირდება გარკვეული დრო, რომ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდეს.

- როგორ უნდა ეძინოს ახალშობილს?

- ახალშობილები დროის უდიდეს ნაწილს ძილში ატარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია პატარას ჰქონდეს ცალკე სივრცე ძილისთვის.

გაითვალისიწინეთ, რომ მშობლებისა და ახალშობილის ღამით ერთად ძილი რეკომენდებული არ არის.

ახალშობილს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ნახევრად მყარ მატრასზე. არ ვიყენებთ ბალიშს, ზეწარი უნდა იყოს რეზინის ბოლოებით, რათა კარგად გადაიჭიმოს ლეიბზე და ახალშობილს მოძრაობისას არ შეექმნას დისკომფორტი. ვაძინებთ საძილე ტომრით, საწოლის გარშემო არ უნდა იყოს ე.წ. ,,ბამპერები" (საწოლის შიდა მხარეს დასამაგრებელი რბილი დამცავები). საწოლში პატარას არ უნდა ჰქონდეს ფუმფულა სათამაშოები, რადგან ახალშობილს ძილის დროს ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს თავისუფლად. (SIDS-ის პრევენცია) ოთახში უნდა ვაკონტროლოთ ჰაერის ტემპერატურა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ 18-20 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში. ვინარჩუნებთ უფრო მეტად სიგრილეს SIDS-ის თავიდან აცილების მიზნით (Sudden infant death syndrome - ახალშობილის უეცარი სიკვდილი), ასევე, საყურადღებოა ჰაერის ტენიანობა. ყოველივე ამას ვარეგულირებთ სეზონის მიხედვით.

ბავშვის ოთახი თავისუფალი უნდა იყოს ხალიჩების, წიგნებისა და სხვა ალერგენებისგან. ხშირად უნდა მოხდეს ახალშობილის ოთახის განიავება და სველი წესით დალაგება.

- როგორ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს?

- ახალშობილის ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ არის მომწიფების ფაზაში და არ არის განვითარებული თერმორეგულაცია. შესაბამისად, არსებობს ახალშობილის გადახურების ან გადაციების საფრთხე.

უნდა ვაკონტროლოთ ახალშობილის სხეულის ტემპერატურა, იზომება ანალურად. ახალშობილობის პერიოდში ნორმად ითვლება 36.5 -37,5 ცელსიუს გრადუსამდე. ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, სეზონის შესაბამისად.

რეკომენდირებულია თუ არა ახალშობილის გასეირნება?

- ახალშობილის გასეირნება შეიძლება და აუცილებელიცაა სამშობიაროდან გაყვანიდან მესამე-მეოთხე დღეს. სასურველია, დილის საათებში (10-11 საათამდე), როდესაც ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა. არ არის შეზღუდული სეირნობის დრო (მხოლოდ ძლიერი ყინვისას) საწყის ეტაპზე ვიწყებთ 30 წუთით და ყოველდღიურად ვზრდით დროს, შესაძლებლობების მიხედვით.

პატარას ვასეირნებთ სპეციალურად მოწყობილ პარკებსა და სკვერებში. ახალშობილის სეირნობა რეკომენდებულია ყველანაირი ამინდის პირობებში, გარდა ქარისა.

- როდის უნდა დავბანოთ ახალშობილი?

- ახალშობილისთვის დაბანა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა წყალთან პირველი კონტაქტი ზოგისთვის შეიძლება არაკომფორტული იყოს და იტიროს. დაბანა არ არის რეკომენდებული ჭიპლარის მოცილებამდე, ინფიცირების რისკის გამო. ვბანთ ყოველ დღე, ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ, თბილ წყალში, აბაზანის სახით. კვირაში ერთხელ საბავშვო გელით და შამპუნით (ყოველდღიური მოხმარება აშრობს კანს). არა არის რეკომენდებული სუნიანი და ქაფიანი დასაბანი საშუალებები.

ბანაობისას წყალი უნდა ფარავდეს ახალშობილის ბეჭებს. მშობელს ერთი ხელით უნდა ეჭიროს ბავშვის თავი და მხრები, მეორე ხელით სხეული ჩამობანოს ნაზად.

წყალი არ უნდა იყოს გადადუღებული ან სტერილური. ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 37-38 ცელსიუს გრადუსამდე. აუცილებელია, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ ე.წ. სველი ხელსახოცები, გოგონებს ვბანთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭუნებს პირიქით. ჩაბანის ტექნიკა მნიშვნელოვანია ინფექციის განვითარების პრევენციისთვის. უსაფრთხოების მიზნით, საბავშვო აბაზანა უნდა იდგას მყარ ზედაპირზე და ბავშვი არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის კანს?

ჩვეულებრივ შემთხვევაში ახალშობილის კანს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები არ სჭირდება. თუ კანი არ არის გამომშრალი, ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ ბანაობის შემდეგ ახალშობილი გავამშრალოთ კარგად, განსაკუთრებით კანის ნაკეცებში. კანის სიწითლის ან დაზიანების შემთხვევაში, არ ვიყენეთ სპირტს და პუდრას. ვიყენებთ მხოლოდ სპეციალურ საცხს, იქნება ეს საფენის ქვეშ თუ კანის ნაკეცები.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ყურს, ცხვირს და თვალებს?

- ყოველი აბაზანის შემდეგ, ახალშობილს ყურები და ცხვირი უნდა გავუმშრალოთ გარედან, სუფთა პირსახოცით. შეგვიძლია აღნიშნული არეები ზედაპირულად გავწმინდოთ სპეციალური, საბავშვო ბამბის ჩხირით.

თვალებუდის არეებს ყოველდღიური დამუშავება არ სჭირდება, უნდა გამშრალდეს ჩვეულებრივ. საჭიროების შემთხვევაში, თუ ატყობთ მცირე გამონადენს/სეკრეტს, ბამბის დისკს ვასველებთ სუფთა, გაგრილებულ-გადადუღებულ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში და ნაზად, ზედაპირულად ვწმენდთ თვალბუდის არეს, ცხვირის შიდა კუთხიდან - გარეთ მიმართულებით. ახალშობილის საცრემლე არხის დაინფიცირება მარტივად ხდება და დამუშავების ტექნიკას დიდი მნიშნელობა აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ერთი ბამბის დისკი ორივე თვალზე. თუ თვალის გარშემო ატყობთ სიწითლეს, შეშუპებას, უხვი რაოდენობით გამონადენს და ქუთუთოები დაწებებულია, მიმართავთ პედიატრს/ნეონატოლოგს.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ჭიპლარს?

ახალშობილის ჭიპლარის ტაკვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვიდრე ტაკვი მომჭერშია ან არაა შეხორცებული, არ უნდა მოვაქციოთ პამპერსში, საფენი უნდა შევკრათ ჭიპის ქვემოთ, რათა არ მოხდეს დაინფიცირება. დაბანის დროს, არ არის რეკომენდებული ჭიპის ტაკვის შეხვევა ან რაიმეს დაკვრა, ვამშრალებთ ჩვეულებრივ. არ საჭიროებს ყოველდღიურად დამუშავებას სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით. ჭიპლარის ტაკვის გასუფთავების მიზნით უნდა გამოვიყენოთ უალკოჰოლო ხსნარები.

- როდის უნდა მოცილდეს ახალშობილს ჭიპლარი?

ჭიპლარის მუმიფიცირების და მოცილების დრო ინდივიდუალურია. ჩვეულებრივ შემთხვევაში, პროცესი, დაახლოებით, გრძელდება 4 დღიდან 10 დღემდე.  ჭრილობა ხორცდება 4 კვირამდე.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

- სანამ ჭრილობა ღიაა, ჭიპლარის ტაკვიდან შეიძლება მოხდეს ინფიცირება და განვითარდეს ადგილობრივი ან სისტემური ინფექციური პროცესი.

- რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ ჭიპლარის სწორად მოვლისთვის?

ახალშობილის ჭიპლარი სპეციალურ მოვლის საშუალებებს არ საჭიროებს. გასუფთავებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქტენისეპტის უალკოჰოლო ხსნარი, ანფიზიოლოგიური ხსნარი. აღარაა რეკომენდებული ფერადი ანტისეპტიკური საშუალებების (ბეტადინის ხსნარი ან ბრილიანტის მწვანე), სპირტის (არც 70%-იანი), ქლორჰექსიდინის გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ საჭიროებისას, ექიმის დანიშნულებით.

- რა ნიშნების შემთხვევაში უნდა მივმართოდ პედიატრს?

თუ ჭიპლარის ტაკვის გარშემო ატყობთ სიწითლეს ან სისველეს და სუნიან გამონადენს აუცილებლად უნდა მიმართოთ ნეონატოლოგს/პედიატრს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვილის ხელში აყვანა მარტო ტირილისას არ არის საკმარისი, მას მაშინაც უნდა მიეფეროთ და სიახლოვე აგრძნობინოთ, როდესაც მშვიდადაა და არაფერი აწუხებს“ - პედიატრი ნანა საპანაძე

„ჩვილის ხელში აყვანა მარტო ტირილისას არ არის საკმარისი, მას მაშინაც უნდა მიეფეროთ და სიახლოვე აგრძნობინოთ, როდესაც მშვიდადაა და არაფერი აწუხებს“ - პედიატრი ნანა საპანაძე

იწვევს თუ არა შეჩვევას ახალშობილის ხელში ხშირად აყვანა, შეუძლია თუ არა ჩვილს დამოუკიდებლად თავის დამშვიდება? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

„ძვირფასო მშობლებო! ბავშვისადმი ყურადღება და მზრუნველობა ქართველი ხალხის ერთ-ერთი უძველესი და მტკიცე ტრადიციაა, რამდენადაც საყვარელი და სასურველია ბავშვი, იმდენად სათუთი ოჯახის წევრია. ადრეული ასაკიდანვე მის სწორ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის სრულყოფილი განვითარების პროცესში საყურადღებოა გარემო, სადაც იგი იზრდება“.
- გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ჩვილის ხელში ხშირად აყვანა შეჩვევას იწვევს. რამდენად მართებულია ეს აზრი?

​- ადრეული განვითარების წლები, ერთი მხრივ, უდიდესი მოწყვლადობის, მეორე მხრივ კი, დიდი შესაძლებლობების პერიოდია. დაბადებამდე ბავშვი კომფორტული გარემოს მკვიდრია. აქვს საუცხოო რეჟიმი: არც ჭამა-სმა ადარდებს, არც სიცივე აწუხებს და ძილშიც არავინ უშლის ხელს. აქვს თბილი, მყუდრო, თვალისთვის სასიამოვნო, წითელი ფერის გარემო, თავისუფლად მოძრაობს ამნიონურ სითხეში. ასევე დიდი რაოდენობით გადაეცემა ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომეტებულად გამომუშავებული ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონი ენდორფინი. ზოგი ფსიქოლოგი ამ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე უსაფრთხო და ბედნიერ ხანად მიიჩნევს. ამ ბედნიერი ყოფის მუდმივობის გარანტი დედის გულისცემაა, რომელიც მუდმივად ესმის ნაყოფს და აი, იწყება მშობიარობა, ბავშვის ამქვეყანაზე მოვლენის პროცესი. მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელშიც დედასთან ერთად ბავშვიც აქტიურად მონაწილეობს. მშობიარობის დასაწყისში საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფში ბადებს განგაშის გრძნობას, ნაყოფი აქტიურდება, მოძრაობს სამშობიარო გზებში და იბრძვის ამქვეყანაზე მოსავლენად. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ეს არის პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ბავშვისთვის დაბადებით მიღწეული გამარჯვება კმაყოფილების შეგრძნებაა. ადამიანი დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარა და უსუსურია. აი, აქ თავს იჩენს განსხვავებული, მანამდე უცნობი მდგომარეობა - ბავშვი ერთბაშად უჩვეულო სამყაროში აღმოჩნდა. მისთვის ყველაფერი საოცარი სისწრაფით შეიცვალა: სითბო-სიცივით, სითხე-ჰაერით, სიბნელე-თვალისმომჭრელი სინათლით, სიჩუმე-ხმაურით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედასთან სრული ერთიანობა, სრული სიმარტოვით. იწყება პატარას ცხოვრების ახალი ეტაპი. გარანტია იმისა, რომ ცხოვრების ამ შეუცნობელ ეტაპზე ის მარტო არ არის, გაგონებაა დედის გულისცემისა. როგორ მივაღწევთ ამას, თუ არა ჩვილის ხელში აყვანით და მოფერებით. მისთვის ჯერ კიდევ უცხო სამყაროში უზომოდ სჭირდება დედასთან ძველებური ერთიანობის განცდა. ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას, ამით თქვენი პატარა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს თავს, არ შეეშინდება საწოლში გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტო დარჩენის, რადგან ეცოდინება, რომ დედა აქვეა, გვერდით და ის ამ სამყაროში მარტო არ არის, შესაბამისად, აღარ დასჭირდება ხელში ხშირად აყვანა.

​- ბავშვის ნერვული სისტემისთვის რა არის უკეთესი, ხელში გვეჭიროს (ხშირად) თუ არ ავიყვანოთ და რატომ?

​- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც სხვაზე დამოკიდებული უმწეო და უსუსური ახალშობილი მოსიარულე, მოლაპარაკე, პრობლემებთან გამკლავების უნარის მქონე ბავშვად ჩამოყალიბდება. ეს საოცარი ცვლილებები განპირობებულია რთული ურთიერთკავშირით გენებსა და გარემო-ფაქტორებს, ბუნებასა და აღზრდას შორის. განვითარებისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები წონაში მატებისთვის. ბავშვები სიცოცხლის დასაწყისშივე მზად არიან ურთიერთობებისათვის. სწორედ ეს ურთიერთობაა ტვინის ადრეული განვითარების პირველი ხელშემწყობი ფაქტორი. ჩვილი იბადება უნარით, დაინტერესდეს მის გარშემო არსებული სახეებით და დაამყაროს უსიტყვო, არავერბალური ურთიერთობები სხვებთან. როდესაც უფროსი ადამიანი პასუხობს ჩვილის დაჟინებულ მზერას, ღიმილს, ღუღუნს, ყალიბდება ჯაჭვი ემოციების ურთიერთგასაცვლელად. სწორედ ეს ჯაჭვი ხდება წამყვანი ჩვილის ტვინში ნერვული კავშირების განვითარებისა და გამყარებისათვის. ცოცხალი ურთიერთობა არის განვითარების საფუძველი. უამრავი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ადრეულ ასაკში დადებითი/პოზიტიური გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღი არქიტექტურის ფორმირებას, ხოლო ადრეული უარყოფითი გამოცდილება: უყურადღებოდ დატოვება ასუსტებს ტვინის ფორმირების პროცესს. ამიტომ, აუცილებლად უნდა აიყვანოთ პატარა ხელში, დაამშვიდოთ, როდესაც ტირის. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელში აყვანა მარტო ტირილისას არ არის საკმარისი, მას მაშინაც უნდა მიეფეროთ და სიახლოვე აგრძნობინოთ, როდესაც მშვიდადაა და არაფერი აწუხებს.

​- შეუძლიათ თუ არა ჩვილებს დაუხმარებლად თავის დამშვიდება და რამდენად არის მათი ტირილი მანიპულირება, რომ დედამ ხელში აიყვანოს?

​- ვიდრე პატარას ტირილის დროს მისი თვითდამშვიდების ჩვევის ჩამოყალიბებას ეცდებით, რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მართალია, ბავშვები ტირილის დიდოსტატები არიან და უფროსებთან ურთიერთობის ყველაზე ძლიერი, ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა. ჩვილობის ასაკში ტირილს სხვადასხვა ობიექტური მიზეზიც აქვს: შია, სწყურია, გამოცვლა უნდა, ან ზოგჯერ უფროსის ყურადღება სჭირდება. იმის მიხედვით, თუ რატომ ტირის პატარა, ტირილის ტონალობაც განსხვავებულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ტირის.

  • დააკვირდით ბავშვის ტირილის ხასიათს და ეცადეთ, გაარკვიოთ მისი მიზეზი;
  • დაუყოვნებლივ აიყვანეთ ხელში, დაამშვიდეთ;
  • შემდეგ ტირილის ობიექტური მიზეზი მოაგვარეთ - საჭირეობის შემთხვევაში გამოუცვალეთ, შესთავაზეთ საკვები, მიეფერეთ, უმღერეთ.

​პირველი 6 თვის განმავლოვაში ასეთი მოპყრობით არ გაანებივრებთ. თქვენი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მარტო არ არის. ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს, რომ იგი მომავალში ცხოვრებას მეტი ნდობით მოეკიდება. ასაკის მატებასთან ერთად ხვდება, რომ მას ხშირად ტირილის დროს ეფერებიან და 6 თვის შემდეგ ტირილს ყურადრების მისაქცევად იყენებს.

​თუ წლის მეორე ნახევარში ბავშვი უმეტესად უმიზეზოდ ტირის, თავი შეიკავეთ მისი ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პატარა „დესპოტად“ გადაიქცევა. აცადეთ, თავად დამშვიდდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, თქვენ წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, სადღაც გაქცევა მოინდომოთ, რათა ტირილი არ გაიგონოთ, შეეცადეთ, აღიდგინოთ სიმშვიდე, გაიხსენეთ, როგორ ელოდით ამ პატარა მტირალა არსებას, როგორი ბედნიერი იყავით მისი პირველი დანახვისას. არც ის დაივიწყოთ, რომ სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაწია, უმწეო ადამიანზე.

​- ასევე, აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის არ არის კარგი, თუ მშობლები 6 თვიდან კიდევ ლოგინში ჩაიწვენენ, ამაზე რას ფიქრობთ?

​- დავიწყოთ იმით, რომ ყველა ბავშვი და ოჯახი უნიკალურია და საყოველთაო რეცეპტი ოჯახური ცხოვრებისთვის არ არსებობს. ყველა ოჯახს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს და ყველა დედა საკუთარი გულის კარნახით მოქმედებს. საკითხი, როდის უნდა დაიძინოს პატარამ საკუთარ საწოლში, დღემდე საკამათოა. ერთად ძილის მომხრეები თვლიან, რომ დედაც და შვილიც ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, თანაც გრძელდება ღამით კვება. ბავშვთა უმრავლესობა საკუთარ საწოლს ძნელად ეჩვევა და ოჯახს ზედმეტ პრობლემებს უქმნის. მოწინააღმდეგეთა აზრით, ბავშვი მალე უნდა მიეჩვიოს, რადგან დამოუკიდებელი არსებაა და არა დედის ნაწილი.

​ახალშობილობის პერიოდში, ფსიქოლოგებისა და ექიმების დიდ ნაწილს დედისა და შვილის ერთად ძილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ასე უფრო იოლია ძუძუთი კვების განხორციელება, ჩვილების უმრავლესობა ხომ აქტიურად წოვს ძუძუს ღამის საათებში და საწოლში ბავშვის კვება გაცილებით მოხერხებულია, ვიდრე ადგომა, მისი საწოლიდან ამოყვანა და მერე ისევ დაწვენა. ასევე სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი მზად არ არის დედის სხეულთან განშორებისთვის. დედის სურნელი, სითბო, გულისცემა პაწაწინა, უსუსურ არსებას ამშვიდებს. მშობლის საწოლში ჩვილს გაცილებით მშვიდად სძინავს. დადგენილია, რომ ბავშვის გვერდით დედის ტვინის ყველა უჯრედი ფხიზლობს და შვილის ყოველ გაფაჩუნებაზე სწრაფად რეაგირებს. დედაც უკეთ ახერხებს გამოძინებას, როცა ბავშვი გვერდით ეგულება და მთელი ღამე არ დარბის მის საწოლთან, რომ შეამოწმოს, ხომ არ გადაიხადა, ხომ არ გაოფლიანდა, საბანში ხომ არ გაიხლართა, ხომ არ იგუდება.

​ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლებს საკუთარ საწოლში ბავშვის გადაყვანისას დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ. ნუ განიცდით, მართალია, პატარა ოჯახის წევრია, რომელსაც მშობლების მზრუნველობა სჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ისიც უნდა ითვალისწინებდეს მშობლების ინტერესებს. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო საწოლში გვერდითაა მამაც, რომლის ძლიერმა ხელმა ან ფეხმა შეიძლება უნებლიეთ ავნოს. გასათვალისწინებელია, ინტიმური ცხოვრებაც, და თუ მაინცდამაინც ერთად ძილის მომხრე ხართ, ეს მომენტები აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოთ.

​თუ პატარა დღის განმავლობაში მშვიდად თვლემს საკუთარ საწოლში, რატომ არ შეიძლება, ღამითაც მარტო იძინებდეს?!

​და ბოლოს, ძვირფასო მამებო, ბებიებო და ბაბუებო! თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ, რომ თქვენი პატარა მომავალში ჯანმრთელი, ჭკვიანი, ხალისიანი, ბედნიერი იყოს. ამისთვის როგორც ბავშვს, ასევე დედას მშვიდი და კეთილმოსურნე გარემო უნდა შეუქმნათ, აქტიურად ჩაერთეთ მოვლის და აღზრდის პროცესში, შეუქმენით დედას მყუდრო და თბილი გარემო. გახსოვდეთ, შენიშვნები და დამრიგებლური ტონი მისთვის გამაღიზიანებელია, შეუმსუბუქეთ ფიზიკური შრომა. თქვენი მზრუნველობა თანაბრად სჭირდებათ, დედასაც და ბავშვსაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად