Baby Bag

10 საუკეთესო რჩევა ახალბედა დედებს

10 საუკეთესო რჩევა ახალბედა დედებს
დედობა ბევრისთვის რთული გამოწვევაა. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას პაწაწინა, უმწეო არსებაზე. ამან შეიძლება თავიდან დაგაფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ პანიკას. თქვენ არ ხართ მარტო. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყოთ მომთმენი საკუთარი თავის მიმართ.

1. თუ საკმარისად იღბლიანი აღმოჩნდით, შხაპის მიღებას დღის მანძილზე მოახერხებთ. სხვა დროს კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი შამპუნი ან თავის მოვლის მსგავსი საშუალებები.


2. არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ თუ ნაცნობების ან ნათესავების უარით გასტუმრება მოგიწევთ. მაქსიმალურად ეცადეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად გაატაროთ.



3. არ დაგავიწყდეთ, რომ იზრუნოთ თქვენს თავზეც. მშობიარობის შემდეგ ხშირია ჰორმონული მაჩვენებლების დავარდნის შემთხვევები, რაც იწვევს კანის გამოშრობას. ამის თავიდან ასარიდებლად მოამარაგეთ ორგანიზმი სხვადასხვა მინერალით, ნატურალური ზეთით და ა. შ.

4. ჩაინიშნეთ თუ ვისგან მიიღეთ საჩუქრები, რომ არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მათთვის.

5. შეგიძლიათ ტელეფონში გადმოიწეროთ სხვადასხვა აპლიკაცია და დაკავდეთ მედიტაციით. მედიტაცია დამამშვიდებლად იმოქმედებს ბავშვზეც.

6. იყიდეთ ესთეტიკურად სასიამოვნო წყლის ბოთლი და ყოველთვის თან ატარეთ. ​წყლის მიღება დაგიცავთ გამოშრობისგან და უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზმის ჰიდრატაციას.

7. ახალშობილის დაბანისას არ არის საჭირო საპნის ან შამპუნის ხმარება. საკმარისია მხოლოდ წყლის გამოყენება, თუმცა სასურველია თუ პატარას ბუნებრივ ზეთებს შეაზელთ აბაზანის შემდეგ.

8. აუცილებელია ახალბედა დედამ მიიღოს ვიტამინებით მდიდარი საკვები. უძილო ღამეებისა და დაღლილი დღეების შემდეგ მინერალებით მდიდარი ჯანსაღი საკვები დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.

9. ბავშვის ტანსაცმელი არ გარეცხოთ ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული საშუალებებით. უმჯობესია, გამოიყენოთ არატოქსიკური ხსნარები. გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი ბავშვის ტანს ეხება.

10. თუ გარეთ გასეირნებას გადაწყვეტთ - ეს საუკეთესო იდეაა. თან წაიღეთ ბავშვის საფენები, ტილოები, ასევე გამოსაცვლელი ტანსაცმელი. თუნდაც ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე სეირნობა ამშვიდებს ორგანიზმს და ხელს უწყობს მოდუნებას. გარდა ამისა, თუ ხშირად ისეირნებთ გარეთ, წონაში დაკლებას მკაცრი დიეტის გარეშეც შეძლებთ.


ავტორი: მარიამ კვეტენაძე

წყარო: www.thetot.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად