მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს
რატომ არის სასარგებლო ცურვა ჩვილისათვის? - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ევოლუციის პროცესს თუ გავიხსენებთ, იმ ფაქტს, რომ სიცოცხლე წყალში ჩაისახა, იმასაც, რომ ჩვენი სხეულის უდიდესი ნაწილი წყალია და მუცლადყოფნის პერიოდში გარს სანაყოფე სითხე გვაკრავს, სადაც ბედნიერად და უზრუნველად ვცხოვრობთ დაბადებამდე, სულაც არ გაგვიკვირდება, რომ წყალი ჩვენთვის ლამის მშობლიური გარემოა.
შესაძლებელია თუ არა, ასწავლოთ პატარას ცურვა ადრეულ ასაკში, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის სიარულს დაიწყებს?!
დიახ, შეიძლება. დღეს გიამბობთ, რაში ეხმარება ჩვილს წყლის პროცედურები და როგორ მივაჩვიოთ ის წყალს ადრეული ასაკიდან. საბავშვო საცურაო აუზში რომ ენით აუწერელი მხიარულებაა, ალბათ დარწმუნებული ხართ. და მაინც, რისთვისაა კარგი ჩვილობის ასაკიდან ცურვა?
პირველ რიგში, ის ხელს უწყობს ჩვილის ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემების ჰარმონიულ განვითარებას. ცურვა გაკაჟების საუკეთესო საშუალებაა. ტემპერატურის ცვლილებები პატარას ადაპტაციის პროცესების ფორმირებაში ეხმარება, იწვევს იმუნიტეტის გამყარება-გაკაჟებას, რის გამოც თქვენი პატარა უფრო იაშვიათად იავადებს სასუნთქი გზების ინფექციებით. ის ადრეული ასაკიდანვე შეეჩვევა გარემოს ტემპერატურის ცვლილებებს. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საცურაო აუზში ხელს უწყობს გულის კუნთის განვითარებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ცურვის დროს ვითარდება სასუნთქი მუსკულატაურა და ფილტვები. ცურვა ხომ საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშიცაა. ძალიან მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ცურვა საუკეთესო სტიმულია. მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს. უფრო აქტიურებიც არიან და ხალისიანებიც. კარგად უვითარდებათ ბალანსი და კოორდინაცია. მადა და საკვებზე უარის თქმა ბევრი მშობლის თავის ტკივილია. იცით, რომ ჩვილი, რომელიც ცურავს, უფრო მადიანად მიირთმევს საკვებს? წყალს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პატარებს, რომელბიც ცურავენ, უფრო უფრო ღრმად სძინავთ და გაცილებით უფრო მშვიდებიც არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცურვა ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს. თუ თქვენ ადრეული ასაკიდან შეაჩვევთ ბავშვს ფიზიკურ ქტივობას, ჩათვალეთ, რომ დიდი ალბათობით, ეს მისი ცხოვრების წესი გახდება. ასეთ პატრებს არ აქვთ წყლის შიში და საერთოდაც, გაცილებით უფრო დარწმუნებულნი არიან საკუთარ ძალებში. ცურვას ენერგიის ხარჯვაა და ჭარბი ცხიმის წვა მოჰყვება, ასე, რომ თუ თქვენი პატარა ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, ცურვა მისთვის საუკეთესო აქტივობაა. და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა (თუ წყალბურთს არ ჩავთვლით), ასე ვთქვათ, სოლო სპორტია, ის სოციალური კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საცურაო აუზში ხომ მუდამ საოცარი მხიარულებაა, პატარებიც სწრაფად ეცნობიან თანატოლებს და მშობლებისთვისაც საუკეთესო ადგილია ახალი ნაცნობების შესაძენად.
როდიდან?
სახლში ცურვის მცირე გაკვეთილები 3-4 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. მას შემდეგ, რაც ჭიპი სრულად შეხორცდება. თუმცა საცურაო აუზზე ჩვილის მისაყვანად 3 თვის ზემოთ ასაკი საუკეთესოა, რადგან 2 თვის შემდეგ იხსნება ემბრიონის პოზა, ბავშვი კიდურებს თავისუფლად ამოძარვებს და გაცილებით უფრო აქტიურიცაა.
რა დროს არ უნდა იფიქროთ აუზზე?
გულის თანდაყოლილი მანკები, თირკმლის თანდაყოლილი პათოლოგია, ინფექციური დაავადებები, კანის მწვავე დაავადებები ცურვის უკუჩვენებაა.
როგორ შევარჩიოთ საცურაო აუზი ჩვილისათვის?
პირველ რიგში, აუზი უნდა იყოს სუფთა და ის სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს. დაუშვებელია ჩვილების ცურვა წყალში, რომელიც ქლორით მუშავდება. ქლორს ბავშვის კანის ადვილად გაღიზიანება და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. საცურაო აუზში წყლის ტემპერატურა 32-33 გრადუსი უნდა იყოს. საცურაო აუზზე ჩვილებს შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების ინსტრუქტორი უნდა ავარჯიშებდეს. უპირატესობა ისეთ აუზს უნდა მიანიჭოთ, სადაც პატარებს მუდმივად მეთვალყურეობს ექიმი, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაც დაუყოვნებლად მოხდება და აუზში ჩასვლის წინ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პატარას აუცილებლად გასინჯავს, - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.