Baby Bag

10 ხერხი, რომელიც ახალბედა დედებს სტრესის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

10 ხერხი, რომელიც ახალბედა დედებს სტრესის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

დედობის პირველი დღეები ბევრი ქალისთვის დაძაბული, სტრესული და დამღლელია. არ არსებობს გზა, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ ამ დროებითი პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა არსებობს სხვადასხვა ეფექტური ხერხი „რთული დღეების“ გასამარტივებლად.

1. ვარჯიში

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვარჯიში ამცირებს ორგანიზმის სტრესის დონეს და მნიშვნელოვნად ამაღლებს განწყობას. მშობიარობის შემდგომი პროცესების წარმატებით გავლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, დაკავდეთ სპორტით და იზრუნოთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამისათვის საკმარისია სუფთა ჰაერზე სეირნობა, თუნდაც ბავშვთან ერთად. მაგრამ, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ნამდვილად წარმატებით გაიარეთ მშობიარობის შემდგომი პერიოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარჯიში ზიანის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაითვალისწინეთ რჩევები.
2. კითხვა

დედობას მოაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს ფაქტორი სტრესის გამომწვევ მნიშვნელოვან მიზეზად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თქვენი გონების სტიმულირება ინტელექტუალური გზით. გირჩევთ, აირჩიოთ წიგნი, რომლის მეშვეობითაც გაუმკლავდებით სტრესს და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავი და იზრუნოთ სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.
3. შეიტანეთ ცვლილებები კვების რაციონში

აუცილებლად დაუმატეთ თქვენს რაციონს ჯანსაღი ცხიმით გაჯერებული საკვები. ეს არამარტო დაგეხმარებათ რძის მომარაგებასა და ენერგიის მიღებაში, არამედ მასში შემავალი მინერალები აგიმაღლებთ განწყობას და მოგანიჭებთ ბედნიერების შეგრძნებას.
4. რამდენიმე საათით მაინც გაატარეთ სიწყნარეში

არანაირი ბავშვის ტირილი, ტელევიზორის ხმა, ტელეფონის ზარი! უთხარით არა ყველანაირ ხმაურს და ჩაიძირეთ სიმშვიდეში. თუნდაც ერთი საათით მოიმარჯვეთ ყურსასმენები და უმზირეთ ჭერს. ამ დროს დროებით გვერდზე უნდა გადადოთ ყველანაირი ფიქრი, შეიგრძნოთ ყველა ემოცია და მიაღწიოთ სიმშვიდის მდგომარეობას. ეს ნამდვილად რთული დავალებაა, თუმცა თუ მას თავს გაართმევთ, ნამდვილად იგრძნობთ შვებას.
5. შხაპი რელაქსაციის მიზნით

სასაცილოა? ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ შხაპის მიღება არა სისუფთავის, არამედ დასვენების მიზნით. ფიქრობთ, რომ ამის დრო და ფუფუნება დედას არ აქვს? სინამდვილეში შხაპი არის შესანიშნავი გზა დაძაბულობისა და დაღლილობის მოსახსნელად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მარტივი სიამოვნებაა, რომლის მისაღებადაც დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ.
6. ისეირნეთ მარტო

აუცილებელია, დრო მხოლოდ საკუთარ თავთან გაატაროთ. ამ დროს, რა თქმა უნდა, არ ივიწყებთ მეგობრებს, უბრალოდ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
დედობის ადრეულ დღეებშიც კი შეეცადეთ, დატოვოთ სახლი და ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს აბსოლუტურად შეამცირებს სტრესს და გარდა ამისა, გამოდგება კარგ საბაბად მარტო დარჩენისთვის.
7. დაივიწყეთ მობილური ტელეფონი

დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია თუ ძალიან მოინდომებთ. ძალიან ხშირად ნეგატიური განწყობა სწორედ სოციალურ ქსელს მოაქვს. როდესაც ამას შეამჩნევთ, სულ მცირე, წაშალეთ აპლიკაცია და თავი დააღწიეთ უარყოფით ატმოსფეროს.
8. ძილი

შესაძლოა, ეს რჩევა აბსურდულადაც ჟღერს, თუმცა შუადღის ძილიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გამოძებნოთ დრო მოსვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თუ არჩევანის გაკეთება ძილსა და ფილმის ყურებას შორის მოგიწევთ, გირჩევთ პირველს მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან ძალების აღდგენა სრულყოფილი ფუნქციონირების ნამდვილი წინაპირობაა. ნუ გადადებთ სხვა დროისთვის - აუცილებლად დაიძინეთ, როდესაც სურვილი გექნებათ. ეს მნიშვნელოვანია.
9. ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობთ თავს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე და ბოლომდე გამოხატოთ ემოციები. უმჯობესია, თანამოსაუბრედ აირჩიოთ ადამიანი, რომელთანაც ემოციურად ახლოს ხართ და ბოლომდე შეძლებთ გახსნას. უნდა გაანალიზოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. იფიქრეთ მარტივად და გაიაზრეთ, რომ ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარხართ.
10. არ გადადოთ შეხვედრები

სტრესული გარემო, ცხოვრების დაძაბული პერიოდი ხშირად სახლში ყოფნისკენ გიბიძგებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს არ მიეჯაჭვოთ საკუთარ ოთახს და იცხოვროთ მაქსიმალურად სავსე ცხოვრებით. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არ გადადოთ შეხვედრები და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენ დაძლევთ ყველა პრობლემას.
წყარო: ​moms.com-ის მიხედვით
ავტორი: მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს, პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს,  პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის აღზრდაში დედისა და მამის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამის ჩართულობა ბავშვთან ურთიერთობის პროცესში აუცილებელია:

„რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, როდესაც ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ისევ ვამბობ, რომ ​ერთი მიჯაჭვულობა ვითარდება ერთ ძირითად მშობელთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია, რომ ეს იყოს დედა, თუმცა მამა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.“

მაია ხერხეულიძის თქმით, მამა ბავშვთან ურთიერთობაში გარეშე პირის პოზიციას არ უნდა იკავებდეს:

​მამა არ უნდა იყოს გარეშე პირის პოზიციაში. ძალიან ხშირად, სამწუხაროდ ასეა, რომ თითქოს მამა არის გარეთ მდგომი ადამიანი, რომელიც ძირითადად ხდება დამსჯელი. ის ასრულებს დამსჯელ ფუნქციას ბავშვისთვის. დედა ბავშვს ეუბნება: „აი, მოიცადე, მამა მოვა და ნახე რას გიზამს!“ არ არის ეს სწორი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვთან ასოციაცია ხდება არასწორი.“

​აუცილებლად ბავშვზე ზრუნვაში დედასთან ერთად მამა უნდა იყოს ჩართული. მამა უნდა სთავაზობდეს ბავშვს სხვადასხვა თამაშს. მამა არის ძალიან სერიოზული ავტორიტეტი ბავშვისთვის, განსაკუთრებით ვაჟისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ფუნქცია სწორად იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან. ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საზოგადოებრივი რადიო

წაიკითხეთ სრულად