Baby Bag

რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში

რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში

იცით რატომ არ უნდათ პატარებს დაძინება? - აღნიშნულ კითხვას ​პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს. 

იმიტომ, რომ ისინი ძილს აღიქვამენ, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ნაცნობ სიტუაციასთან განშორებას. ამიტომაც ცდილობენ, როგორმე გაახანგრძლივონ ჩაძინების პერიოდი, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს, კიდევ ერთ კოცნას.

აი, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას ძილის გაუმჯობესებაში:

  • ძილის მოახლოებისას უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს, აგზნებს.
  • არ დააძინოთ ბავშვი მშიერი, მაგრამ ნურც ახლადნაჭამს დააწვენთ-სავსე კუჭი დიაფრაგმას მიაწვება და ძილს დაარღვევს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ძილის რუტინის ჩამოყალიბება. ეს არის ერთი და იმავე ქმედებების ერთობლიობა, რასაც საბოლოოდ ძილი უნდა მოჰყვეს. ეს მოქმედებები დაძინებამდე 20-30 წთ-ით ადრე ერთი და იმავე თანამიმდევრობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, თბილი შხაპი ან აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის მოყოლა. გახსოვდეთ, რომ რუტინა არ უნდა დაარღვიოთ. ძილის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება.
  • თუ სტუმრიანი და მხიარული საღამოს ან ფილმის, ამგზნები თამაშის შემდეგ ბავშვის დაძინებას ეცდებით, ეს რთული იქნება. მისი პაწაწინა ტვინი და ფსიქიკა დამშვიდებას დიდ დროს მოანდომებს.
  • ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვს ნება დართეთ საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს.
  • საწოლში ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში
  • საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა. ძილის წინ ის აუცილებლად გაანიავეთ. საჭიროა სიმშვიდე და სუსტი შუქი.
  • გაიტანეთ ბავშვის საძინებელიდან ტელევიზორი და კომპიუტერი.
  • მოარიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს - ყავას, მაგარ ჩაის, შავ შოკოლადს, მატონიზირებელ სასმელებს.
  • თუ თქვენი ყველა ცდა ამაოა, ნიშნავს, რომ ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.


 თქვენი პატარა უკვე მიაძინეთ და დრო გამოგიჩნდათ, ჩაუჯექით​ Momsedu.ge-ს შემოთავაზებულ შესანიშნავ ფილმს - ​„The Help“. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩინეთში ქალმა ტყუპები ორი სხვადასხვა მამაკაცისგან გააჩინა

ჩინეთში ქალმა ტყუპები ორი სხვადასხვა მამაკაცისგან გააჩინა
ჩინეთში ქალმა გააჩინა ტყუპები, რომლებსაც ორი მამა ჰყავთ. ჩინელი ქალბატონის მეუღლე ამ სენსაციური სიახლით შეძრწუნებულია. ახალშობილებს ტრადიციული დნმ-ის ტესტი ჩაუტარდათ. ჩინეთში ჩვილის რეგისტრაციისთვის გენეტიკური ანალიზის გაკეთება სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ტყუპების მამა ტესტის შედეგების გაგების შემდეგ შოკურ მდგომარეობაშია, რადგან მეუღლის ღალატის გაცნობიერება მისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. ის, რომ ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავთ, სენსაციური მოვლენაა, რომელიც შეიძლება ათი მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოხდეს. იმისთვის, რომ ქალი ტყუპებზე დაორსულდეს, ერთი თვის განმავლობაში მის ორგანიზმში 2 კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს. კვერცხუჯრედების სხვადასხვა პარტნიორის სპერმატოზოიდით განაყოფიერებას ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციას უწოდებენ.

ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია მაშინ ხდება, როდესაც ქალბატონს ოვულაციის წინა ან მომდევნო დღეს ერთდორულად ორ მამაკაცთან აქვს სქესობრივი ურთიერთობა. მსგავსი შემთხვევა ჩინეთში გასულ წელსაც დაფიქსირდა. დნმ-ის პასუხების მიღების შემდეგ ერთ-ერთი ჩინელი ქალბატონი ქმრის ღალატში ამხილეს. ახალშობილი ტყუპების მშობლები პოლიციის განყოფილებაში ბავშვების დასარეგისტრირებლად მივიდნენ, თუმცა მშობლობის უფლების მოსაპოვებლად მათ დნმ-ის ტესტის ჩატარება მოთხოვეს. ტყუპების მამას ეჭვი ჰქონდა, რომ ერთ-ერთი ბავშვი მისი შვილი არ იყო, რადგან ბავშვები ერთმანეთს არ ჰგავდნენ. დნმ-ის პასუხის მიღების შემდეგ მეუღლეები ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდნენ. ცოლი ქმარს ტესტის პასუხების გაყალბებაში ადანაშაულებდა, ხოლო ქმარი ცოლს ღალატში სდებდა ბრალს. აღნიშნული შემთხვევა ფუძიანის პროვინციაში მოხდა.

2014 წელს გავლენიანი ჩინელი ბიზნესმენი მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ის თავის მეუღლესთან ერთად ტყუპებს ზრდიდა, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალი მისი შვილი არ იყო. ცნობილ ბიზნესმენს, ზოუ იანგს ეჭვი პირველად მაშინ გაუჩნდა, როდესაც შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ბავშვს ორმაგი ქუთუთოები ჰქონდა. მამაკაცს და მის მეუღლეს, ისევე როგორც ერთ-ერთ ტყუპისცალს, მსგავსი ქუთუთოები არ ჰქონდათ.

მართალია, ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია იშვიათია მოვლენაა, თუმცა ერთ-ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ამერიკაში ყოველი 400 ტყუპიდან ერთი სწორედ კვერცხუჯრედების ორი სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერების შედეგად იბადება. ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია გაცილებით ხშირია ცხოველებში, მაგ. ძაღლებში, კატებში, ძროხებსა და მღრღნელებში. 

მომზადებულია ​dailymail.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად