Baby Bag

თუ ბავშვისთვის ძიძის აყვანას გეგმავთ, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ

თუ ბავშვისთვის ძიძის აყვანას გეგმავთ, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ
დასაქმებული მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას ბავშვისთვის ძიძის შერჩევა წარმოადგენს. თუ თქვენ სრულ განაკვეთზე მუშაობთ და შვილის მთელი დღით სახლში დატოვება გიწევთ, ჩვენს სტატიაში საინტერესო რჩევებსა და სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვისთვის საუკეთესო ძიძის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.

მსოფლიო მასშტაბით 55 მილიონამდე ადამიანი ოჯახებში მუშაობს, მათი უდიდესი ნაწილი კი ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. ძიძები ურბანულ სირვცეში გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე პროვინციებში. დასავლეთის ქვეყნებში დასაქმებული მშობლები დახმარებისთვის სპეციალურ სააგენტოებს მიმართავენ, რომელთა დახმარებით ისინი პროფესიონალი ძიძების დაქირავებას მარტივად ახერხებენ. თუმცა ამ მხრივ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ვითარება არ გვაქვს.
ხშირად ძიძის აყვანა არაფორმალური პროცედურაა. მშობლები აღმზრდელის შერჩევისას მეგობრებისა და ნათესავების რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ. ძიძის შესახებ ინფორმაციის მოძიება აუცილებელია, რათა ბავშვის უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ. უმჯობესია, თუ აღმზრდელს სახლში მიაკითხავთ, რათა უკეთ გაერკვეთ, რამდენად ჰიგიენური ადამიანია თქვენ მიერ შერჩეული ძიძა. პირველ დღეებში ერთ-ერთი მშობელი სახლში უნდა დარჩეს, რათა დააკვირდეს, რამდენად კარგად ართმევს აღმზრდელი თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუ ძიძა თავის მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს, მას საცდელ ეტაპზევე უნდა დაემშვიდობოთ. ხშირად ადაპტაციის პერიოდი ბავშვისთვის რთულად გადასატანია, მაგრამ თუ ძიძა პროფესიონალია, აღნიშნული პრობლემა მარტივად მოგვარებადია.
ნდობა მნიშვნელოვანია
ძიძისგან სრულფასოვანი დახმარებისა და თანადგომის მიღება თითქმის შეუძლებელია, თუმცა თუ მას თავს თქვენი ოჯახის წევრად აგრძნობინებთ, მისი მონდომება მნიშვნელოვნად მოიმატებს. ძიძები გაცილებით უკეთ მუშაობენ, თუ მათთან ხანგრძლივ ურთიერთობას გეგმავთ. 3-4 წლით დასაქმების შემთხვევაში აღმზრდელი მეტ პროდუქტიოულობას ავლენს. ოჯახსა და ძიძას შორის მეტი ნდობა რომ არსებობდეს, ბავშვის მომვლელი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: სანდოობა, სისუფთავე, მოთმინება, საგანგებო ვითარებაში მუშაობის უნარი, ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
ძიძის აყვანით მიღებული სარგებელი:
• სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი ძიძა ბავშვს დიდ ყურადღებას უთმობს. პატარა ინდივიდულაური საჭირობებებიდან გამომდინარე სათანადო დახმარებას და გაცილებით მეტ მზრუნველობას იღებს, ვიდრე აღმზრდელობით დაწესებულებებში.
• ბავშვი საკუთარ სახლში რჩება, რის გამოც თქვენ მისი მდგომარეობის გადაკონტროლების მეტი შესაძლებლობა გეძლევათ და შესაბამისად, უფრო მშვიდად ხართ.
• ძიძასთან ურთიერთობისას ბავშვის ყოველდღიური რუტინა განსხვავებულია და მოქნილობის მეტ შესაძლებლობას იძლევა. მშობლებს ბავშვის სპეციალურ დაწესებულებაში მიყვანა და შემდეგ მისი გამოყვანა აღარ სჭირდებათ.
ძიძის აყვანის ნაკლოვანებები:
• ძიძის დაქირავება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
• ბავშვი იზოლირებულია და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს.
• ძიძების დიდი ნაწილი არაპროფესიონალია, რის გამოც მათ საგანგებო ვითარებაში სწორად მოქმედება და ბავშვთან დისციპლინის დამყარება ნაკლებად გამოსდით.
რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე ბავშვისთვის ძიძას შეარჩევთ?
თუ ბავშვისთვის ძიძის აყვანას გეგმავთ, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ:
1. კარგად გაიცანით ადამიანი, რომლის დაქირავებასაც გეგმავთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, მას სახლში მიაკითხეთ. საუკეთესო შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებიც უნდა გაიცნოთ, რათა აღმზრდელზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ.
2. ძიძას მაქსიმალურად ბევრი კითხვა დაუსვით და დააკვირდით, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან.
3. დააკვირდით, რამდენად ჰიგიენური ადამიანია თქვენ მიერ შერჩეული აღმზრდელი და როგორ ზრუნავს ბავშვზე საჯარო სივრცეში.
4. გამოკითხეთ თქვენი მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ. არასდროს აიყვანოთ ძიძა, რომლის შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ. აღმზრდელის შესახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა მოიპოვოთ.
5. თუ შესაძლებლობა გექნებათ, ძიძისგან სამედიცინო ცნობა მოითხოვეთ, რათა ბავშვი საშიში ინფექციების გადადებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.
კითხვები, რომლებიც ძიძას უნდა დაუსვათ:
• აღმზრდელად მუშაობის რამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ?
• რა ასაკის ბავშვებთან გიმუშავიათ აქამდე?
• რა სახის განრიგია თქვენთვის მისაღები?
• გაქვთ თუ არა საგანგებო ვითარებაში მუშაობის გამოცდილება და რამდენად შეგიძლიათ პირველადი დახმარების გაწევა?
• გყავთ თუ არა შვილები?
• შეგიძლიათ თუ არა ბავშვისთვის საჭმლის მომზადება? თანახმა ხართ თუ არა, რომ ბავშვი აბანაოთ და მის კვებაზეც იზრუნოთ?
• რას გააკეთებთ, თუ ბავშვი ტირილს დაიწყებს ან ისტერიკაში ჩავარდება, როგორ დაამშვიდებთ პატარას?
ზემოთ დასახელებული კითხვების გარდა ძიძას აუცილებლად ჰკითხეთ, რა ანაზღაურებაზე იმუშავებს, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა და ხომ არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა.
ძიძის აყვანის შემდეგ:
1. აღმზრდელს დეტალურად დაათვალიერებინეთ თქვენი სახლი. აუხსენით, რისი უფლება აქვს და რისი - არა.
2. დარწმუნდით, რომ სახლში უსაფრთხოება სრულად არის დაცული და ძიძაც გააფრთხილეთ, რომ არასდროს დატოვოს კარი ღია, ბავშვი კი - მარტო. აუხსენით ძიძას, რომ პატარა ზომის ნივთები ბავშვს აუცილებლად მოარიდოს.
3. რამდენიმე დღის მაძილზე სახლში დარჩით, სანამ ახალი ძიძა არ გაშინაურდება და თავს თქვენი ოჯახის წევრად არ იგრძნობს.
4. მონიტორინგის მიზნით ბავშვს ყოველდღიურად გამოკითხეთ, რას აკეთებდა დღის განმავლობაში, რა მიირთვა და ა.შ. რამდენჯერმე მოულოდნელად გამოჩნდით სახლში, რათა დარწმუნდეთ, რომ ძიძა თავის მოვალეობას სრულფასოვნად ასრულებს.
5. ძიძას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეთ ( თუ ბავშვი ალერგიულია, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ).
6. ძიძას ბავშვის კვების რეჟიმი და თავისებურებები გააცანით.
7. აუცილებლად მიეცით ძიძას ოჯახის ყველა წევრის ტელეფონის ნომერი.
გჭირდებათ თუ არა ვიდეო სათვალთვალო სისტემები ძიძის მეთვალყურეობისთვის?
ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ვიდეო სათვალთვალო სისტემები ძიძის მეთვალყურეობისთვის ძალიან ეფექტურია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ორმხრივი ნდობის არარსებობის შემთხვევაში, ძიძა დაკისრებულ მოვალეობას თავს სრულფასოვნად ვერ გაართმევს. გარდა ამისა სათვალთვალო სისტემების შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ის ყოველთვის გამოსადეგი არ არის.
სათვალთვალო კამერების გამოყენება ძიძას თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის. თუ ვიდეო სისტემებს მაინც შეიძენთ და დაკვრივების შედეგად აღმოაჩენთ, რომ ძიძა დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ართმევს თავს, მისი გულმოდგინება აუცილებლად უნდა დააფასოთ. თუ კამერების წყალობით რაიმე პრობლემას აღმოაჩენთ, აღმზრდელს ინდივიდუალურად გაესაუბრეთ, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე ერთობლივად იზრუნოთ. თუ სათვალთვალო კამერებს არ იყენებთ, ძიძას ბრმად ნუ ენდობით. აუცილებლად შეიმუშავეთ კონტროლის ეფექტური მექანიზმები. ბავშვზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ეჭვი თუ გაგიჩნდათ, ძიძას დაუყოვნებლივ დაემშვიდობეთ.

თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვის უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მართალია, სრულ განაკვეთზე მომუშავე ძიძის აყვანა უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მშობლის მოვალეობებზე უარი საბოლოოდ უნდა თქვათ. ბავშვმა თავი უსაფრთხოდ რომ იგრძნოს, მას თქვენი ემოციური და მორალური მხარდაჭერა აუცილებლად ესაჭიროება. 
მომზადებულია ​www.parentcircle.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვილის დედასთან ერთად ძილი კატეგორიულად დაუშვებელია,“- პედიატრი მაკა ჭიღლაძე

„ჩვილის დედასთან ერთად ძილი კატეგორიულად დაუშვებელია,“- პედიატრი მაკა ჭიღლაძე

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და ურჩია, რომ დედებმა, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, ახალშობილები ცალკე საწოლში დააძინონ:

„ძუძუთი კვება და დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. აუცილებლად პირველი საათებიდანვე იწყება ძუძუთი კვება. ამას ნეონატოლოგები ხელს ვუწყობთ. ძუძუთი კვების შემდგომ ახალშობილი უნდა მოთავსდეს თავის საწოლში. დედასთან ძილი კატეგორიულად დაუშვებელია. ზოგიერთი დედა ტრანკვილიზატორს იღებს, დედა დაღლილია, მას დასვენება სჭირდება, მასაც უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად დასვენების საშუალება. ჩვილიც უნდა იყოს უსაფრთხოდ. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაციაა ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებული. აუცილებელია ძუძუთი კვების დროს მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი ჩვილების ძილის ხანგრძლივობა მოკლეა. ისინი ხშირად იღვიძებენ. ბავშვი იღვიძებს, ძუძუს წოვს, როცა უნდა. ძუძუთი კვება ხორციელდება ურეჟიმოდ, სხვადასხვა ხანგრძლივობით. ადაპტირებულ ნარევზე მყოფი ბავშვები შედარებით უფრო ხანგრძლივად იძინებენ.“

„ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ დაუფიქსირებელი საგნები უნდა მოვაშოროთ ბავშვებს. მათ რბილი საგნები თუ სიახლოვეს ექნათ, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდი სინდრომის მიზეზი გახდეს. ჩვილი შეგიძლიათ საძილე ტომარაში ჩასვათ და ისე დააძინოთ. მშობელმა ბავშვი დაბადებისთანავე ხშირად უნდა ასეირნოს ჰაერზე. ბავშვები, რომლებიც დედასთან ახლოს არიან, მის სითბოს გრძნობენ, მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მაღალი იმუნიტეტი აქვთ. უნდა ვეცადოთ ჩვენი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და მაღალი ინტელექტით,“- აღნიშნულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ „რადიო თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო თბილისი“

წაიკითხეთ სრულად