Baby Bag

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას - 5 რჩევა

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას - 5 რჩევა
ორსულობა ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონის მოწესრიგებას გარკვეული დრო სჭირდება. სისხლის მიმოქცევის დაჩქარება და ჰორმონ ესტროგენის გამომუშავების სერიოზული ცვლილება ორსულებში თმის რეგულარული ცვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

უმნიშვნელო რაოდენობით თმა ყველა ადამიანს ცვივა. შესაძლოა, ქალის ორსულობამ ისე ჩაიაროს, რომ მას მსგავსი პრობლემა საერთოდ არ აწუხებდეს, თუმცა მშობიარობის შემდეგ ესტროგენისა და პროგესტერონის დონის სწრაფი კლება თმის ცვენის პროცესს შეუქცევად ხასიათს აძლევს. ზოგიერთი ქალბატონი აღნიშნულ პრობლემას ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე დღეში აწყდება, ზოგს კი თმის ცვენა მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ ეწყება. ახალბედა დედები თმის დანაკარგს ძალიან განიცდიან და ზოგიერთ მათგანს პანიკური შიშიც კი ეუფლება. როდესაც თმის ცვენა პიკს აღწევს, ქალბატონები ფიქრობენ, რომ მათ გამელოტების საფრთხე ემუქრებათ. თუმცა, მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და მას დროებითი ხასიათი აქვს. შესაბამისად, ახალბედა დედები ამაოდ ღელავენ. თუ აღნიშნული პრობლემის წინაშე თქვენც დგახართ, ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ საინტერესო რჩევებს ყურადღებით გაეცანით, რათა მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა სწრაფად და მარტივად დაამარცხოთ.
• განაგრძეთ პრენატალური ვიტამინების მიღება
ახალბედა დედების უმეტესობა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ისინი მშობიარობის შემდგომ პრენატალური ვიტამინების მიღებას წყვეტენ. მთელი 9 თვის განმავლობაში თქვენ ჯანსაღად იკვებებოდით, იღებდით კალორიულ საკვებსა და სასარგებლო ვიტამინებს. ბავშვის გაჩენის შემდეგ კვების რეჟიმის მოულოდნელი ცვლილება და ვიტამინების მიღებაზე უარის თქმა ორაგნიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მშობიარობის შემდეგ თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ესაჭიროება, რადგან ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენ დიდი რაოდენობით სისხლს კარგავთ და ჰორმონული ბალანსიც გერღვევათ. აუცილებლად განაგრძეთ პრენატალური ვიტამინების ყოველდღიურად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმის ცვენა ხანგრძლივად შეგაწუხებთ.

• მოერიდეთ თმის მოვლის პროცედურების ჩატარებას
ორსული ქალბატონების დიდი ნაწილი ბავშვის გაჩენამდე თმის შეღებვასა და ახალი ვარცხნილობის გაკეთებას თავს არიდებს. ისინი თმის გასწორებისა და დახვევისგანაც იკავებენ თავს. შესაბამისად, მშობიარობის შემდეგ თმის მოვლის სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას ესწრაფვიან. უმჯობესია, თუ ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მსგავსი პროცედურების ჩატარებისგან თავს შეიკავებთ, რადგან მათი დახმარებით თმის ცვენა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი თმა კვლავ ჯანსაღად გამოიყურება, შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ სალონში და სასურველი პროცედურა ჩაიტაროთ.
• იკვებეთ ჯანსაღად
ახალბედა დედები კვებას სერიოზულ ყურადღებას არ უთმობენ. ისინი ბავშვის მოვლაზე არიან გადართულები და საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ. დედები ჯანსაღი საკვების მომზადებისთვის დროს ვერ იმეტებენ, რადგანაც თვლიან, რომ პატარა უყურადღებოდ დარჩებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი კვება არამხოლოდ თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ, ის თქვენი რძის ხარისხზეც აისახება. თუ გსურთ თქვენმა შვილმა სრულფასოვანი საკვები მიიღოს, პირველ რიგში, საკუთარ კვებაზე უნდა იზრუნოთ. თუ საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, დახმარება ოჯახის წევრს თხოვეთ ან მზარეული დაიქირავეთ (თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობთ).
• თმის მოვლის ისეთ პროდუქტებს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც მის მოცულობას ზრდის
ცხადია, მსგავსი პროდუქტები თმის ცვენას ვერ შეაჩერებს, მაგრამ მათი დახმარებით თქვენი თმა გაცილებით ჯანსაღ იერსახეს მიიღებს, რაც განწყობას გამოგიკეთებთ. ისეთი შამპუნის გამოყენება, რომელიც თმას მოცულობას სძენს, გამუდმებით თმის ცვენის პრობლემაზე ფიქრისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ.
• თმა მოკლედ შეიჭერით
იმის ნაცვლად, რომ ძვირადღირებულ თმის მოვლის პროცედურებში დიდი თანხები დახარჯოთ, თმა მოკლედ შეიჭერით. თქვენთვის მოსაწონი ვარცხნილობა შეარჩიეთ და გარეგნობაში ცვლილება შეიტანეთ. როგორც წესი, ჩვილ ბავშვებს ძუძუთი კვებისას ხელებით დედის თმის წვალება სიამოვნებთ. თუ თმას შეიჭრით, ბავშვის გამოკვებასაც უფრო კომფორტულად შეძლებთ. გარეგნობაში სასიამოვნო ცვლილების შეტანა თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება და ზედმეტი სტრესისგან დაგიცავთ.
მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად დაახლოებით 1 წელი დაგჭირდებათ. თუ შეამჩნევთ, რომ თმა მეტისმეტად გცვივათ და პროცესი შეუქცევადია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

მომზადებულია ​momjunction.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას, მით უფრო იშვიათია ზრდასრულობაში უშვილობა და სიმსივნეები,“- რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე

„რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას, მით უფრო იშვიათია ზრდასრულობაში უშვილობა და სიმსივნეები,“- რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე

რეპროდუქტოლოგმა არჩილ ხომასურიძემ გოგონებისთვის ადრეული ასაკიდან გინეკოლოგიური გასინჯვის აუცილებლობაზე ისაუბრა: 

„დადგენილია მეცნიერული კვლევების შედეგად, რომ რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას (9 წლის ასაკის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც), როდესაც ისინი გაიზრდებიან სიმსივნეები, უშვილობა გაცილებით იშვიათია. ჩვენთან არსებობს დამოკიდებულება, რომ როგორ შეიძლება ხელის ხლება, სანამ არ იმშობიარებს. ეს არის სრული აბსურდი.

იდეალურია 9 წლის ასაკიდან კონსულტაციაზე მიყვანა. თვიური რომ დაეწყება გოგონას, მაშინ ხომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ბუნებამ ასე შექმნა, რომ ქალის რეპროდუქციული ასაკი არის უფრო ხანმოკლე, ვიდრე მამაკაცის. ეს იმიტომ არის, რომ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია არის გაცილებით რთული, ვიდრე მამაკაცის. ქალი არის უნიკალური. ქალის ორგანიზმის ციკლურ მუშაობაზე ყველაფერია ჩამოკიდებული, გულიც, ღვიძლიც, ყველაფერიც. მშობიარობაც დიდი დატვირთვაა. ეს ქმნის იმის პირობებს, რომ ქალის რეპროდუქციული ასაკი ადრე მთავრდება. საშუალოდ ის მთავრდება 49 წლის ასაკში, თუმცა, ალბათ, შეცვლიან ამ ოფიციალურ მოსაზრებას, რადგან ეს ასაკი გადავადდა,“- მოცემულ საკითხზე არჩილ ხომასურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად