Baby Bag

​პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ

​პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ

პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები.
შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა! ახლა შენს წინ პაწაწინა არსებაა, ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი!
დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე.
მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.

სხეულის ფორმები

თუ შენ ფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ შენი სხეული და წონა ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ასე არ მოხდება. ჩვეული წონის დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მშობიარობისშემდგომი მუცლის ზომები ისევ დაგამსაგავსებს ორსულ ქალს, თუმცა დროებით. ამიტომ საშმობიაროდან გამოწერის დღისათვის ნუ შეიგულებ ძველ სამოსს, ჩვეული ამბავია ორსულობისდროინდელი ტანსაცმლით დაბრუნება სამშობიაროდან შინ.

პატარას სამოსი

აქ რჩევა-დარიგებების კასკადი და სიფრთხილის გადაჭარბებული დოზები გელის. გახსოვდეს, ახალშობილს ჩააცვი ისევე, როგორც შენ იცვამ, მაგრამ დაუმატე სამოსის კიდევ ერთი ფენა და ახალშობილისათვის განკუთვნილი პლედი.

საკვები

იდეალური საკვები პატარასთვის დედის რძეა, ამიტომ ეცადე, სამშობიაროშივე ისწავლო ძუძუთი სწორად კვება. ამაში მედდა დაგეხმარება.
არ მისცე პატარას რაიმე სახის ხელოვნური საკვები იმ მოტივით, რომ მას რძე არ ყოფნის.
გახსოვდეს, ახალშობილი მუდმივად ითხოვს ძუძუს, რადგან მას არამარტო შიმშილი აწუხებს, არამედ შენთან კონტაქტი, შეხება, შენი ხმისა და სუნის შეგრძნება სურს. ეს ყველაფერი მისთვის უსაფრთოებას ნიშნავს! რაც შეეხება ხსენის და რძის მცირე მოცულობას დაბადების პირველ დღეებში, ახალშობილის პატრა მოცულობის კუჭისათვის ის სრულიად საკმარისია, მე-3-4 დღიდან კი „რძის მოწოლა“ დაიწყება და რძის რაოდენობაც გაიზრდება.
გაითვალისწინე, რომ შიმშილის ნიშნები გარდა ტირილისა, არის ტუჩების ცმაცუნი, ლოკვა, მოუსვენრობა. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევ, ცოტა ხანში პატარა მაღალი და მომთხოვნი ხმით დასჭექს.

როცა შინ სხვა პატარებიც გელიან...

თუ უკვე გყავს სხვა შვილიც, გაითვალისწინე, რომ ის მოუთმენლდ ელის შენს დაბრუნებას და ხშირად სულაც არ უნდა შენთან ერთად იმ არსების ნახვა, რომელმაც დედიკო უნდა გაუყოს.
ასე, რომ სამშობიაროში წასვლამდე უფროს და-ძმას აუხსენი, რომ სულ მალე ოჯახში მატება იქნება. შინ დაბრუნებისას წარუდგინე მათ პატარა, გააცანი, მიეცი უფლება შეეხონ. დაასაქმე უფროსი და-ძმა, დააჭერინე ხელში ახალშობილი (რა თქმა უნდა, სიფრთხილით), დაიხმარე და მოატანინე პაწაწინასთვის განკუთვნილი ნივთები - საფენები, მოვლის საშუალებები.

თუ სახლში შინაური ცხოველიც გელის...

ოჯახის ახალი წევრის წარდგენა მისთვის მანამდე სჯობს დაიწყო, ვიდრე პირადად გააცნობ. გაუგზავნე სამშობიაროდან ახალშობილის რაიმე ნივთი დასაყნოსად, ვთქვათ, სამოსი, რომელიც მას უკვე ეცვა.

პირადად გაცნობა უმტკივნეულოდ ჩაივილის, თუმცა არ მისცე საყვარელ ცხოველს უფლება, შევიდეს იმ ოთახში, სადაც ახალშობილს სძინავს.

სტუმრები

ჰოოო, აი, ამას კი ვერაფრით აარიდებ თავს. შენ ხომ ახლა ყველაზე პოპულარული ქალი ხარ სანათესაო-სამეგობროში - დედა გახდი. ამიტომ ყველას სურს გინახულოს შენც და შენი პაწაწინა შვილიკოც.
სულაც არა მოსარიდებელი, მოსთხოვო ყველა სტუმარს, პატარასთან შეხვედრამდე კარგად დაიბანოს ხელები, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც არ გრძნობს თავს ჯანმრთელად, სთხოვო, თავი შეიკავოს სტუმრობისაგან. გახსოვდეს, შენი პატარა უმწიფარი იმუნური სისტემით დაიბადა და მისთვის მიკრობები განსაკუთრებით საშიშია.

ექიმი

სულ ბოლოს გამახსენდა - შენს პატარას ექიმი სჭირდება და ის საგულდაგულოდ უნდა აირჩიო.

შემდგომი წლების მანძილზე სწორედ ის გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც და მრჩეველიც. ამიტომ ის ადამიანი უნდა მოძებნო, რომელთან ვიზიტი კი არ დაგრთგუნავს და შეგაშინებს, პირიქით, ბევრ დადებით ემოციას და სიმშვიდეს მოგიტანს.

რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს პირველ შეხვედრაზე გარდა შენთვის საინტერესო სამედიცინო საკითხებისა?

1. როგორია თქვენი სამუშაო განრიგი?
2. რა არის ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის მიზეზი?
3. ვის და რა ნომერზე შეიძლება დავუკავშირდე გადაუდებელი შემთხვევებისას?
4. როგორი სიხშირით უნდა მოვიყვანო პატარა ჯანმრთელობის და განვითარების შესაფასებლად?
5. როცა პატარა ტირის, ნიშნავს თუ არა, რომ ის ავადაა?

ბედნიერ დედობას გისურვებ! და სანამ დაგემშვიდობები, მინდა გითხრა, ეს მხოლოდ მცირედია იმ რჩევებიდან, რაც მინდა, რომ მოგცე და გასწავლო. ასე, რომ გაგრძელება იქნება!" - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო მეტად ეფერება მშობელი შვილს მუცლადყოფნის პერიოდში, მით უფრო ჯანმრთელია ბავშვი“ - ინტერვიუ პედიატრ ინგა მამუჩიშვილთან

„რაც უფრო მეტად ეფერება მშობელი შვილს მუცლადყოფნის პერიოდში, მით უფრო ჯანმრთელია ბავშვი“ - ინტერვიუ პედიატრ ინგა მამუჩიშვილთან

რამდენ ხანს არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება, რომელი თვიდან უნდა მივცეთ პატარას წყალი, სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი გვესაუბრა. Moms.ge-ს ამ ინტერვიუდან ახალბედა დედები შეიტყობთ ყველაფერს, რაც თქვენი ჩვილების ჯანმრთელად გაზრდაში დაგეხმარებათ.

- ქალბატონო ინგა, რატომ არის უცილებელი და რამდენ ხანს არის სასურველი ბავშვის ძუძუთი კვება?

- ძუძუთი კვება არის ოქროს სტანდარტი, ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, დედის რძე ძალიან მარტივი, იოლად მოსანელებელი საკვებია. იგი შეიცავს დიდი რაოდენეობით ოლიგოსაქარიდებს, რომელიც საჭიროა ბავშვის კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ჩამოსაყალიბებლად. ანუ ჩვენი კეთილი, აპათოგენური მიკრობაქტერიები, რომლებიც ნაწლავში ცხოვრებენ და ამარცხებენ ძალიან ბევრ უარყოფითად მოქმედ ფაქტორს კუჭნაწლავის ტრაქტში, სწორედ ამ ოლიგოსაქარიდების მეშვეობით იკვებება. დედის რძეში შედის იმუნოგლობულინი, რომელიც 90%-ით უზრუნველყოფს იმუნიტეტს და აქედან გამომდინარე, სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები პრაქტიკულად არ ავადობენ იმიტომ, რომ ისინი გარკვეულწილად იმუნიტეტს დედისგან იღებენ. დედის რძე შეიცავს ისეთ ნახშირწყლებს და შაქარს, რომელიც მარტივად მოსანელებელია ბავშვისთვის. ის შეიცავს ცილას, ტაურინს, ეს არის ინტელექტის ცილა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი - IQ გაცილებით მაღალი აქვთ. ასევე, დედის რძე შეიცავს რძის ცხიმს, რაც ყველაზე მთავარია. რძის ცხიმი შეიცავს ბეტა პალმიტატს, რაც აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებისათვის.

თუ ძუძუთი კვება გრძელდება 1 წლამდე ეს ძალიან კარგია, ოქროს სტანდატია, მაგრამ 6 თვემდე მაინც უნდა ვკვებოთ ბავშვი რძით, რაც არ უნდა მცირე ულუფებით მოხდეს ეს. დედის რძე ხომ მხოლოდ საკვებ პროდუქტს არ წარმოადგენს. ეს არის იმ სიყვარულის ჯაჭვის გაგრძელება, რომელსაც პლაცენტარული ჯაჭვის დაკავშირება ჰქვია. პლაცენტის გადაჭრასთან ერთად დედასა და შვილს შორის ურთიერთობა ხომ არ წყდება. ამიტომ რომ არ განიცადოს ბავშვმა ეს სენსორული შიმშილი დედასთან მიმართებით, აუცილებელია, რომ მიიღოს დედი რძე. სხვათა შორის, ფაქტებით დასტურდება, რომ ბავშვი მარცხენა ძუძუს უფრო ხშირად ითხოვს, ვიდრე მარჯვენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მარცხნივ მას ესმის დედის გულის ცემა ანუ ეს მუცლადყოფნის პერიოდის გაგრძელებაა.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ, რაც უფრო მეტად ეფერება შვილს მუცლადყოფნის პერიოდში და რაც უფრო გაცნობიერებული აქვს, რომ ეს მისი ნაყოფია, მისი შვილია, ასეთი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ასეთი გამოკითხვა ჩაატარეს - დედების ნაწილი ამბობდა, რომ ვერ აღქვამდა ჯერჯერობით ნაყოფს შვილად. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადობდნენ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც მუცლადყოფნისას იყვნენ მუდმივად მოფერებაში და ზრუნვაში, როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. მინდა, მამის როლიც განსაკუთრებით აღვნიშნო.
- გასაგებია, რომ დედის რძე უნივერსალურია, მაგრამ, როდესაც ვერ ხერხდება ბავშვის ბუნებრივად კვება, ეს შეუქმნის თუ არა საფრთხეს შემდგომში მის ზრდა-განვითარებას?
- ზრდა-განვითარებას საფრთხეს ნამვილად ვერ შეუქმნის, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სტატისტიკურად ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ, უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები. ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან შემდგომშიც უფრო ჯანმრთელები არიან, იმიტომ რომ მათ აქვთ ბაზისური სიძლიერე, რაც ლაქტაციით მიიღეს დედისგან. ეს ლაქტაცია არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც ძალიან სასარგებლოა - რაც უფრო ხშირად აჭმევს დედა ბავშვს ძუძუს, მით უფრო დაცულია ქალი. ჰორმონალური ცვლა უფრო დაბალანსებულია მასში და უფრო დაცულია ქალი სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებებისგან, მასტოპათიების განვითარებისგან და ა.შ. ასევე მინდა ვთხოვო მშობლებს, რომლებსაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ, სწორად და განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ ხელოვნური საკვები ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე. შეიძლება მას სჭირდებოდეს ჰიპოალერგიული კვება და აქედან გამომდინარე, სპეციალური ნარევი ესაჭიროებოდეს, ამიტომ ეს ყოველთვის გააკეთეთ საკუთარ პედიატრთან შეთანხმებით.
- ძუძუთი კვების შემთხვევაში, რამხელა უნდა იყოს კვებებს შორის ინტერვალი, თუ ბავშვის მოთხოვნილებაზეა ეს დამოკიდებული?
- როდესაც ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე, უსათუოდ უნდა იყოს ინტერვალი, მაგრამ, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ რეგლამენტირება. ბავშვი იკვებება თავისუფალი რეჟიმით, ანუ ჭამს როდესაც უნდა და რამდენსაც უნდა. 3 თვემდე გრძელდება ადაპტაციის პერიოდი, მერე კი ბავშვი თავად არეგულირებს დროსაც, რეგლამენტირებასაც ახდენს, ეს ყველაფერი დგება მწყობრში და დედაც დაისვენებს.
ხშირად დამშვიდების მიზნითაც კი ვაწვდით ბავშვს რძეს. სხვათა შორის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 3 თვემდე ბავშვის ტირილს, რომელიც არ არის დაკავშირებული არც მეტეორიზმთან, არც კვებასთან, არც ტკივილთან, თურმე ასეთი ახსნა აქვს - როდესაც ქალი მშობიარობს და განიცდის ტკივილს, ამავეს განიცდის ბავშვიც და არსებობს ამ ტკივილის მეხსიერებაც. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ ტკივილის, იტიროს ბავშვმა, ზოგჯერ ამოტირება საჭიროა ამ დროს უნდა გავაკეთოთ ერთი რამ - უნდა მივიკრათ ბავშვი კანთან ახლოს, უნდა ვესაუბროთ. ნუ გვგონია, რომ ბავშვს არ ესმის. ბავშვს ყოველთვის ესმის დედის ხმა, ინტონაცია და ეს აუცილებელია.

- მეძუძური დედების კვებასაც რომ შევეხოთ, რამდენად აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა?

- ძალიან მკაცრი დიეტის დაცვა ჩემთვის მიუღებელია. მეძუძურმა დედამ უნდა იკვებოს მრავალფეროვანი საკვებით, უნდა მიიღოს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ კატეგორიულად დაუშვებელია ლუდი. ხშირად ამბობენ, რომ ლუდი ლაქტაციას უწყობს ხელს. ლუდი შეიძლება ლაქტაციას ხელს უწყობს, მაგრამ ამასთანავე, მასში შედის დიდი რაოდენობით მძიმე მეტალი, რაც საზიანოა ბავშვისთვის.

ისედაც არ არის მიზანშეწონილი, ადამიანმა მიიღოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ემულგატორების შემცველი საკვები, დიდი რაოდენობით შაქარი, მარილი - ეს ყველაფერი ძუძუთი კვების დროს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს. დანარჩენ შემთხვევაში, მეძუძური დედა აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში.

- რას გვეტყვით საწოვარის დადებით და უარყოფითი მხარეებზე?
- წოვის რეფლექსი იმდენად აქვს ბავშვს გააქტიურებული და იმდენად მოთხოვნა აქვს საწოვარის, რომ მე ამას ინდივიდუალურად ვარჩევ. არიან ბავშვები, რომლებიც თავიდანვე არ იდებენ პირში საწოვარას. ეს ძალიანაც კარგია - არ უნდა დავაძალოთ ბავშვს. ხშირად მშობლები აძალებენ ბავშვს საწოვარის ჩადებას, ეს დაუშვებლად მიმაჩნია. არ უნდა ვიძალოდოთ ბავშვზე. უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც მას სიამოვნებს.
- თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შეიძლება თუ არა წყლის მიცემა და რომელი თვიდანაა ეს რეკომენდებული?
- წყლის მიცემა არ არის სასურველი, რადგან დედის რძე ისედაც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, ამიტომ ბავშვი საკმარის სითხეს იღებს. მაგრამ თუ ბავშვს შევთავაზეთ წყალი და მიიღო, მაშინ მივცეთ. ბავშვი წლის მეშვეობით იზრდება. კიდევ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ბავშვს აქვს წყლის მიღების სურვილი, განსაკუთრებით ზაფხულში, თუ მისი პირის რეცეპტორები ამას მოითხოვს, მივცეთ, ამით დანაშაულს არ ჩავდივართ.
- რა ასაკიდან შემოგვაქვს ბავშვის რაციონში სხვა სახის საკვები და რა საკვებია ეს საწყის ეტაპზე?
- თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ექვს თვემდე მხოლოდ დედის რძე სრულიად საკმარისია, არანაირი დამატებითი საკვები არ არის საჭირო. თუმცა ბევრი მეცნიერი (ევროპულ-ამერიკული სკოლა) იმასაც ამბობს, 1 წლამდეც შეგვიძლია ბავშვი ძუძუთი ვკვებოთ, თუ იგი ამით კმაყოფილდება. ზოგიერთ ქვეყანაში, ბავშვის მენიუში წლამდე სხვა საკვები არ შეაქვთ.
თუ ბავშვი კარგად იმატებს წონაში, სიგრძეში, თუ მისი ფსიქომოტორული განვითარება ნორმალურია, სასურველია, ექვსი თვიდან ჩავრთოთ სხვა საკვები. მე პირველ კვებად უპირატესობას ვანიჭებ ბოსტნეულის პიურეს, ხოლო შემდგომში უკვე შეიძლება გადავიყვანოთ ბავშვი ბურღულის ფაფაზე და ეს ყველაფერი ვარეგულიროთ ბავშვის წონის მიხედვით. თუ ბავშვის წონა ძალიან დიდია, სჯობს, დავიწყოთ ბოსტნეულის ფაფით, ხოლო თუ ბავშვის წონა ნორმაზე დაბალია, შეგვიძლია დავიწყოთ ბურღულის ფაფით. ზოგიერთი ქვეყანა იწყებს ბოსტნეულით, ზოგიერთი - ბურღულის ფაფით, აქედან გამომდინარე, ეს უნდა შეთანხმდეს ექიმთან. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ვიწყებთ 4 თვიდან დამატებითი საკვების შეტანას, რაც უკვე ვახსენე, ბოსტნულის ან ბურღულის ფაფა, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, როგორც უკვე ვთქვი, 6 თვიდან შეგვაქვს დამატებითი საკვები.
- რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ახალშობილი და დაბანის შემდეგ გამოვიყენოთ თუ არა, კანის დამატენიანებელი საშუალებები?
- ზაფხულის პერიოდში შეგვიძლია ახალშობილი წყლის აბაზანით დავბანოთ დღეში 3-ჯერაც კი. მას ეს სჭირდება. დიახ, სჭირდება იმიტომ, რომ სიამოვნებს. ზოგადად, ახალშობილი შეგვიძლია ვაბანავოთ დღეში ერთხელ. მე უფრო ქაფშამპუნის მომხრე ვარ, რომლითაც ხდება ახალშობილის თავის და ტანის დაბანა. ქაფშამპუნი ან საპონი შეგვიძლია, გამოვიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ, დანარჩენ დღეებში მხოლოდ წყლითაც საკმარისია. არ ვარ მომხრე გვირილის, ორკბილის და ა. შ. ამას ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც კანის გაღიზიანება ხდება და თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
- რამდენი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?
- წყლის ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 35-36 გრადუსს. ზამთარში შესაძლოა, 37 გრადუსზედაც დავბანოთ. თუ ბავშვის გაკაჟება გვინდა, შეგვიძლია, 34 გრადუსამდეც დავწიოთ წყლის ტემპერატურა, თანდათანობითი შეგუებით. ბავშვთან მიმართებით, ნებისმიერი რამ უნდა მოხდეს თანდათანობითი შეგუებით. ბავშვი იწყებას ცხოვრებას ახლა და ეტაპობრივად უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ყველაფრის ჩართვა. ეს იქნება საკვების მიღება თუ სხვადასხვა გარემო პირობებთან შეგუება.
- სველი ხელსახოცი (ე.წ. სველი სალფეთქი) აქტიურად გამოიყენება - რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მე სველი ხელსახოცის რეკომენდაციას მშობლებს არასდროს ვუწევ. მირჩევნია, რომ ყოველი დეფეკაციის და საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ, ბავშვი ჩაიბანოს ჩვეულებრივი წყლით, მაგრამ არის მომენტი, როცა სხვა გამოსავალი არ არის. ასეთ შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, რომ შეძლებისდაგვარად შევიძინოთ მაღალი ხარისხის სველი ხელსახოცი და გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობის ან სტუმრად ყოფნის დროს, როცა ბავშვის დაბანა შეუძლებელი ხდება და ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
- ხშირად „ფუთავენ“ ბავშვებს სიცხეშიც კი და ამას იმით ამართლებენ, რომ ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს. რამდენად დასაშვებია ასე მოქცევა?
- არ შეიძლება ხელ-ფეხის მიხედვით განისაზღვროს ბავშვის სხეულის ტემპერტურა, რადგან ჩამოუყალიბებელი მიკროცირკულაციის გამო ბავშვს ხშირად აქვს ცხვირი, ხელები და ფეხები მოყინული. უნდა შევეხოთ ხშირად მუცელზე და ვნახოთ რამდენად არის ბავშვი გადაციებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის „ჩაფუთვა“, რადგან ჩვენ არ ვაძლევთ თერმორეგულაციის ცენტრს ნორმალურად მუშაობის საშუალებას. ითრგუნება შემდგომში ბავშვის იმუნიტეტიც. ბავშვი ვერ ვითარდება ისე, როგორც საჭიროა. იგი ვერ კაჟდება. აუცილებელია, რომ ბავშვის იმუნური სისტემა თავიდანვე გავაკაჟოთ. ასევე, არ უნდა მოვაქციოთ ბავშვი სტერილურ პირობებში. ბავშვი უნდა მიეჩვიოს ყველაფერს. შეიძლება მან ძირს დაგდებული ნივთი პირშიც ჩაიდოს. არ უნდა მოჰყვეს ამას პანიკა. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ სახლის პირობებში ორგანიზმის მსგავსი მეთოდებით გაკაჟება აუცილებელია. ხაზგასმით ვამბობ - სახლის პირობებში და არა ქუჩაში, პარკში და ა. შ.
- რას ფიქრობთ აცრებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე, რას ეტყვით მშობელს და მომავალ მშობლებს?
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავალ აცრების წინააღმდეგ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ არანაირი მავნე ნივთიერების შემცველი არ არის ვაქცინა. დღეს უკვე არსებობს შრომები ამასთან დაკავშირებით. პირიქით, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ბავშვი დავტოვოთ არავაქცინირებული და შემდეგ ამ ბავშვის დაავადების შემთხვევაში აცრის არგაკეთება სანანებელი გაგვიხდეს. უფრო საზიანოა, რომ არ ვცრით ბავშვს. მით უმეტეს, დღეს საქართველოში მართლაც ხარისხიანი ვაქცინებია. აუცილებლად უნდა მივყვეთ აცრის ეროვნულ კალენდარს ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
ესაუბრა მარიამ კვეტენაძე 
წაიკითხეთ სრულად