Baby Bag

„ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს... არაფერი ყოფილა თურმე, მსგავსი ემოციის მომტანიც კი“ - ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა

„ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს... არაფერი ყოფილა თურმე, მსგავსი ემოციის მომტანიც კი“ - ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა
ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა. შვილების დაბადებას მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

„სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია. ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ განმიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ... ახლა, როგორც არასდროს, ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს, განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში“, - წერს ნინო სურგულაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად