Baby Bag

„პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობისთვის, დედა უნდა იყოს კარგად, მისი განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვის განწყობაზე“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობისთვის, დედა უნდა იყოს კარგად, მისი განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვის განწყობაზე“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

რამდენად ხშირია დეპრესია მშობიარობის შემდეგ, რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს და ვინ არის განსაკუთრებულად რისკის ქვეშ? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებზე  ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ უპასუხა. 

- ქალბატონო ირინა, პირველ რიგში რომ განვმარტოთ, რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა სიხშირით გვხვდება დედებში?

- ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში, ძალიან ხშირად მხვდება ეს პრობლემა. შეიქმნა ქალთა უამრავი ჯგუფი, სადაც დედები თავიანთი დეპრესიის შესახებ ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ახალბედა დედები ხშირად ვერ აანალიზებენ რასთან აქვთ საქმე. ჰგონიათ, რომ საშინელი დედები არიან და დანაშაულის შეგრძნება აწუხებთ. დედებო, ამაში არაფერია საგანაგაშო! მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეშვიდე ქალს აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, აქედან ნაწილს მუბუქი ფორმით და ფსიქოთერაპევტთან რამდენიმე ვიზიტი სრულიად საკმარისია, ნაწილს კი მედიკამენტოზური ჩარევა სჭირდება და მათთან ფსიქიატრები მუშაობენ, რადგან შესაძლებელია, ამგვარ დეპრესიას გართულებებიც მოჰყვეს.

- რა შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები?

- ორსულობამდე თუ ქალს ჰქონდა დეპრესიული სიმპტომები, მეტია ალბათობა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია განვითარდეს. პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათსა და მის ფსიქოტიპს. თუ მისი ურთიერთობები პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან არ არის სასურველი, ეს დეპრესიის პირველი მაპროვოცირებელი მიზეზია. როდესაც ბავშვი არის დედისთვის სასურველი, ის არის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ოჯახში მას აქვს სიმშვიდე და სიყვარული, პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი მშობიარობის შემდგომი დეპრესია. თუ ეს კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული გარკვეულ მიზეზების გამო, მაგალითად, როდესაც დედას აღარ უნდა შვილი, ყველაზე მძიმე შემთხვევაა გაუპატიურების შემთხვევა და აქედან გამოწვეული ორსულობა, ან შემთხვევა, როდესაც პარტნიორი არის უხეში და დედა ძალადობის მსხვერპლია. სადაც ძალადობის ელემენტებია, იქ დეპრესიის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ბავშვის ხშირი ავადმყოფობაც შეიძლება, გახდეს დეპრესიის მიზეზი. როდესაც დედა არ არის ფსიქოლოგიურად მზად ბავშვისთვის, პატარა ნიუანსმაც კი შეიძლება იმოქმედოს მასზე. მშობიარობის შემდგომ, პირველ ხანებში დედას სჭირდება დახმარება, მორალური მხარდაჭერაც კი უდიდესი შვებაა მისთვის. იმ შემთხვევაში თუ დედა ბავშვთან მარტო ატარებს დიდ დროს, ესეც გარკვეულწილად აისახება მის განწყობასა და ფსიქიკაზე, რადგან ამ პერიოდში ის საკუთარი ძალების აღდგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუმცა არიან ქალები. რომლებიც სტრესს მარტივად უმკლავდებიან და მათ არც ოსრულობისას და არც მშობიარობის შემდეგ არა აქვთ დეპრესია. რაც უფრო მეტად აქვს ახალბედა დედას ხელშეწყობა დასვენებისთვის, სრულფასოვნად კვებისა და ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებისთვის, მით უფრო ნაკლებია დეპრესიის განვითარების რისკი.

- როგორია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები, როგორ ვლინდება ის?

- ხშირ შემთხვევაში დეპრესია ვლინდება მშობიარობის შემდეგ, თუმცა ორსულობის დროსაც არის გარკვეული დეპრესიული სიმპტომები, რომელიც ჰგავს კლასიკურ-კლინიკურ დეპრესიას - უხასიათობა, მოწყენილობა, გაღიზიანებადობა, მომატებული ძილიანობა ან პირიქით - უძილობა, უმადობა, აპათია, ბავშვისადმი გულგრილი დამოკიდებულება, პარტნიორის უარყოფა. ზოგადი შეფასებით ადამიანი თავს გრძნობს ცუდად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ინფორმაციის დეფიციტი აქვს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები თავს გრძნობენ ხოლმე დამნაშავედ, ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც მოლოდინები ჰქონდათ ოჯახის წევრებს მისგან, რომ წარმატებული, ბედნიერი დედა იქნებოდა, უმეტესწილად კი პირველ პერიოდში დედა ამ მოლოდინს ვერ ამართლებს, ის ითრგუნება, თავს გრძნობს დამნაშავედ და ჰგონია, რომ ცუდი დედაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ასე არ არის!

- რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია?

- საშუალო დრო 6 კვირაა. 2 ან 3-კვირიანი სიმპტომების გაგრძელების შემთხვვევაში, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს. ასე უფრო სწრაფად ხდება დეპრესიის დაძლევა. ზოგადად, მშობიარობიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში დეპრესიის საფრთხე მაღალია. მთავარია, პანიკა არ იყოს უმნიშვნელო დეტალებზე, რადგან ადამიანის განწყობა მუდმივად ცვალებადია და არ შეიძლება ყველაფერი დეპრესიას დავაბრალოთ. იმ შემთხვევაში თუ დეპრესიის რომელიმე ნიშანს შეამჩნევთ, რეჟიმი (დასვენება, ჯანსაღი კვება, ვარჯიში...), როგორც წესი, პირველ ეტაპზე, საუკეთესო საშუალებაა. მძიმე შემთხვევებში ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები ერთობლივად მუშაობენ ამ საკითხზე.

- რას ურჩევთ ახალბედა დედებს მშობიარობის შემდგომ პერიოდში?

- პერფექციონისტი ქალებისთვის რთულია ახალბედა დედობის სიძნელეებთან გამკლავება, რადგან მათ სურთ ყველაფერი მოწესირგებულად ჰქონდეთ - სახლი, ბავშვის ტანსაცმელი და ა.შ. განსაკუთრებული გამოხატულებაა ხოლმე, როცა დედა ჩვილის ტანსაცმელს ორივე მხრიდან აუთოებს ისე, რომ რაიმე პატარა დეტალი არ გამორჩეს. ყველაფრის იდეალურად ქონა პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც ამდენი ნიუანსია გასათვალიწინებელი, ამიტომ, დედებო, ნუ შეშინდებით, თუ სახლი ოდნავ მაინც არეული გაქვთ... პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობისთვის, დედა უნდა იყოს კარგად. დედის ხასიათი პირდაპირ აისახება ბავშვის განწყობაზე, თუ დედა არის მშფოთვარე - ბავშვიც მოუსვენარია: ხშირად ტირის, არ სძინავს. დედებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავზე იზრუნონ. ბედნიერი დედა ბავშვისთვის არის როლური მოდელი. თქვენ თუ წარმატებული და ბედნიერი ხართ, ისიც თქვენ გემსგავსებათ და არა სხვას.

დახმარების თხოვნის არასდროს შეგრცხვეთ. როდესაც რაიმე გვაწუხებს, მაგალითად, კბილი, მივდივართ სტომატოლოგთან, ანალოგიურად ვიქცევით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შემთხვევაშიც, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. რაც უფრო დროულად ჩავერევით, მით უფრო ცოტა დრო დაგვიჭირდება სამკურნალოდ, შესაძლოა, ერთჯერადი ფსიქოთერაპიული სეანსიც კი საკმარისი იყოს დედისთვის.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე

ფოტო: 1TV.GE

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის მდგომარეობას,“ - მზიკო დალაქიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის  მდგომარეობას,“ - მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვთან მოქცევის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს მეცადინეობისთვის მშობლისგან მოტივაცია ესაჭიროება:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები სკოლიდან მოდიან ძალიან დატვირთულები. არასდროს არ არის ისე, რომ სკოლიდან მოვედი და იქ ყველაფერი კარგად იყო. შეიძლება კარგი დღე იყო ძალიან, მაგრამ სკოლაში ძალიან ბევრი ნიუანსია. ამას ბავშვები თან ატარებენ და სახლში მოაქვთ. როდესაც ჩვენ პირდაპირ გადავდივართ მეცადინეობაზე საუბარზე,​ ეს არის ემოციაგამოცლილი რაციონალური მიდგომა.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვი ყოველთვის მზად არ არის, რომ სამეცადინოდ დაჯდეს:

„ამ მომენტისთვის ბავშვები ძალიან ხშირად მზად არ არიან. ემოციურად ისინი საერთოდ სხვაგან არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის იმ მომენტის მდგომარეობას. ბავშვის დღე განაპირობებს მის განწყობას. ​ბავშვი სახლში ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ მოდის.“

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, როგორ შევხვდებით ჩვენ ბავშვებს. როგორ ვეცდებით დავინახოთ მათი მდგომარეობა. მოვიკითხოთ ბავშვი, როგორი დღე ჰქონდა, გავუზიაროთ ჩვენიც. როდესაც შენ არაგამომცდელის კითხვით ეკითხები და ელოდებოდი სახლში შვილს, რომ გაგეზიარებინა შენი დღეც, არ ხარ ჩასაფრებული, რა ნიშანი მიიღო, არამედ ეუბნები: „მომენატრე,“ სამეცადინოდ დაჯდომაც არ იქნება ისეთი სტრესული,“ - აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად