Baby Bag

​,,აი, რატომ უნდა მისცე ახალშობილს ხსენი'' - პედიატრი მიზეზებს ასახელებს

​,,აი, რატომ უნდა მისცე ახალშობილს ხსენი'' - პედიატრი მიზეზებს ასახელებს

რატომ უნდა მივცეთ ახალშობილს ხსენი? - აღნიშნულ თემაზე ​პედიატ​რი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობა მარტო დაბადების შემდეგ დღეებში კი არა, კვებიდან კვებამდე იცვლება და ზუსტად თანხვდება ჩვილის მოთხოვნილებებს.

მართლა ჯადოქრობაა!

კომპიუტერული სისტემების და კოსმოსის ერაში გასაკვირი ისევ რჩება დეიდს რძის თავისებურებები, რომელის ზუსტი ანალოგი კაცობრიობამ ვერაფრით შექმნა.

მოდი, მივყვეთ, როგორც იცვლება ქალის რძე ბავშვის დაბადების მერე.

ორსულობის ბოლოს სარძევე ჯირკვლებში ყვითელი ფერის ბლანტი სითხე - ხსენი წარმოიქნება. რატომ ყვითელი? იმიტომ, რომ ის მდიდარია ბეტა-კაროტინითა და პიგმენტი ლიპოქრომით. ხსენი „მწიფე რძისაგან” მკვეთრად განსხვავდება: შეიცავს ცილებისა და მარილების ჭარბ რაოდენობას, შაქარი და ცხიმი შედარებით ნაკლებია. ნატრიუმის და მაგნიუმის მარილების სიჭარბე ხელს უწყობს ნაწლავის სწრაფ დაცლას პირველი განავლისაგან, რომელიც სანაყოფე წყლითა და ნაწლავების ჩამოფქცვნილი უჯრედებითაა წარმოდგენილი. დიდი რაოდენობით შეიცავს B1, B12, C, E, A ვიტამინებს ძალიან კალორიულია. განსაკუთრებით კი პირველი დღის ხსენი, რომლის 1 ლიტრში 1500 კკალ ენერგიაა. მშობიარობის პროცესში დაღლილ ახალშობილს ეს ენერგია ძალიან სჭირდება. ხსენი შეიცავს ლეიკოციტებს, ლიმფოცოიტებს, მაკროფაგებს, რომლებიც ნაწლავის შიგნით იმუნიტეტის ფორმირებას უწყობენ ხელს. მაგრამ მთავარი მისი მთავარი სიმდიდრე მზა ანტისხეულებია, რომლებიც ინფექციების თავიდან აცილებაში გვეხმარება. პრაქტიკულად, ხსენი ის პირველი ვაქცინაა, რომელსაც ახალშობილი დაბადებიდან პირველივე წუთებში იღებს. ამავე დროს ის ადვილი მოსანელებელია ახალშობილის უმწიფარი კუჭ-ნაწლავისათვის. შეიცავს ბიფიდუმფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ჩვილის ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.ხსენის შემადგენლობაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთიერებაა - ლაქტოფერინი, რომელიც პატარას ავი მიკროორგანიზმებისაგან იცავს.

ნუ შეგაშინებს ხსენის სიმცირე - შენი პატარას კუჭიც ხომ ერთიბეწოა და ამ ჯადოსნური პროდუქტის მცირე რაოდენობა მისთვის სრულიად საკმარისია.

მოკლედ, ხსენი ნამდვილი სუპერპროდუქტია, რომელიც ახალშობილს აუცილებლად უნდა მისცე!

ლაქტაციის მე-3 დღიდან გამოიყოფა ხსნიანი რძე, მე-4-5 დღიდან გარდამავალი რძე. მეორე კვირიდან წარმოქნილ რძეს „ მწიფე რძეს“ ვუწოდებთ.

ხსენის რძედ გარდაქმნას თან ახლავს „რძის მოწოლის“ შეგრძნება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გამკვრივება, სიმძიმის უსიამოვნო შგრძნებები.

ამ პროცესის რეგულირებასათვის აუცილებელია სარძევე ჯირკვლების სრულად დაცლა, რასაც პატარა ვერ ახერხებს და რძის გამოწველა ხდება საჭირო.

თუმცა ეს სხვა თემაა და შემდეგში მოგიყვები. ჯანმრთელობას გისურვებ!'' - აღნიშნავს პედიატრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

რა სიმპტომები აქვს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, რამდენად დიდი როლი აქვთ გარშემო მყოფებს ამ დროს და როგორ დავძლიოთ ეს რთული პერიოდი? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

- მარი, რა პრობლემების წინაშე გვაყენებს მშობიარობის შემდგომი პერიოდი?
- ბავშვის დაბადება, რა თქმა უნდა, უბედნიერესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, თუცა დიდი ბედნიერების მიუხედავად, მშობელს უწევს უამრავ სირთულესთან გამკლავება, სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად მოჰყვება ხოლმე მშობიარობას დეპრესია, პოსტნატალური დეპრესია. მშობიარობის შემდეგ დედას თითქმის აღარ რჩება დრო საკუთარი თავისთვის, პარტნიორისთვის, მეგობრებისთვის. ხშირად, უბრალოდ გამოძინებას ან მოწესრიგებას ვერ ახერხებს, რომ არაფერი ვთქვათ გართობასა და განტვირთვაზე.
- რა სიმპტომები ახასიათებს პოსტნატალურ დეპრესიას და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ დეპრესია არ უნდა აგვერიოს, იმ მელანქოლიურ მდგომარეობაში, რომელიც მოჰყვება ხოლმე მშობიარობას და ცნობილია „Baby blues“ სახელით. ახასიათებს ნაღვლიანი განწყობა, შფოთვა, გაღიზიანება, შემცირებული კონცენტრაცია, ძილის პრობლემები, უმადობა. თუმცა ეს მდგომარეობა ორ კვირაზე მეტ ხანს არც გრძელდება ხოლმე. პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები კი უფრო მძაფრი და ხანგრძლივია, რამაც საბოლოდ ხელი შეიძლება შეუშალოს მშობელს, ბავშვზე ზრუნვასა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
ასეთ დროს დედას აქვს:
  • უძილობა ან პირიქით სულ ეძინება;
  • სულ დაღლილია;
  • არ აქვს ენერგია;
  • კარგავს მადას, ან ჭამს ჩვეულებრივზე მეტს;
  • აღარ ანიჭებს სიამოვნებას მისთვის აქამდე სასიამოვნო საქმიანობები;
  • უმეტესად გაღიზიანებულია;
  • აქვს უიმედობის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა;
  •  უჭირს გადაწყვეტილებების მიღება;
  • აქვს პანიკური შეტევები, მწვავე შფოთვა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიქრები იმაზე, რომ ავნოს საკუთარ თავს ან ბავშვს.
  • ფიქრები სუიციდზე. ფიქრობენ, რომ ცუდი დედები არიან და ვერაფერს აკეთებენ სწორად.

​პოსტნატალური დეპრესიით მხოლოდ დედები არ იტანჯებიან, ხშირად ახალბედა მამებსაც ტანჯავთ ეს მდგომარეობა. განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ შემთხვევაში, თუ მამას აქამდეც ჰქონია დეპრესია, პრობლემები ურთიერთობებში, ფინანსური პრობლემები. მამის ამ მდგომარეობასაც იგივე ნეგატიური ეფექტი აქვს, როგორც პარტნიორთან ურთიერთობაზე, ასევე ბავშვის განვითარებაზე.
- როგორ გავუმკლავდეთ ამ პერიოდს? თუ არსებობს გზები, სპეციალისტის ჩარევის გარეშე რომ დაძლიოს დედამ დეპრესია?

- პირველ რიგში, მშობელმა უნდა აღიაროს, თქვას, რომ ცუდად არის, იტანჯება. სამწუხაროდ, ძალიან ართულებს ამაზე საუბარს ჩვენი საზოგადოების განწყობა, რადგან შვილი ჰყავს ადამიანს და მიუხედავად ამისა ცუდად არის, იმას არ ნიშნავს, რომ უმადურია ან არ უყვარს თავისი პატარა. უნდა ითხოვოს დახმარება ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, მისცეს საკუთარ თავს მოდუნების, დასვენების, გართობის უფლება.
- რამდენად დიდი როლი აქვს პარტნიორთან და ზოგადად გარშემო მყოფებთან ურთიერთობას პრობლემის დაძლევის პროცესში?
- როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, მშობებისთვის. ხშირად პარტნიორისგან, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან არ არის ხოლმე ადეკვატური რეაქცია. როგორც კი გაბედავს დედა და იტყვის, რომ ცუდად არის, საპასუხოდ ისმენს ისეთ ფრაზებს როგორიცაა: „აბა რომ აჩენდი ბავშვს რა გეგონა“, „მე ასეთი 3 გავზარდე და შენ საწუწუნო რა გაქვს“ და ა.შ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ვერ ეხმარება და უფრო ამწვავეს დეპრესიაში მყოფი ადამიანის მდგომარეობას. ხშირად ისეც ხდება, რომ დეპრესიის რომელიმე სიმპტომს, მაგალითად, ადამიანის დაძაბულობას, ენერეგიის არქონას მიაწერენ ადამიანის პიროვნულ თვისებას. ამბობენ ზარმაცია და უჟმურიაო, არადა ამ დროს დეპრესიით იტანჯება ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას თუ რამდენად სერიოზულად მიიღებს პარტნიორი, ოჯახი და ზოგადად გარშემომყოფები დედის ამ მდგომარეობას. მან უნდა დაინახოს, იგრძნოს, რომ კი არ აკრიტიკებენ, ესმით მისი და ცდილობენ დახმარებას.
ბევრ შემთხვევაში, დეპრესია თვეები და წლებიც გრძელდება. თუ გრძნობთ, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, არ გადადოთ სამომავლოდ, მიმართეთ სპეციალისტს. მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტებით, ასევე თერაპიით.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად