მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი, თამუნა ლობჟანიძე ლაქტაციის შესახებ მითებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
მშობიარობის შემდეგ დედას უჩნდება კითხვები, რაც ბუნებრივია:
- რამდენი ხანი უნდა ვაჭამო ძუძუ?
- ორივე ვაჭამო, თუ ერთი?
- ყოფნის თუ არა რძე?
- რატომ ტირის და ა.შ.
ძუძუთი კვება უფრო ადვილია, როდესაც დედა ინფორმირებულია. თუ დედა ხვდება პრობლემებს ძუძუთი კვებისას და არ იცის, როგორ გადაჭრას, ამ დროს მას აწვდიან არასწორ ინფორმაციას და ამით უფრო მეტი პრობლემა გროვდება. ხშირად ამის გამო დედა წყვეტს ლაქტაციას.
იმისათვის, რომ დედამ გააგრძელოს ძუძუთი კვება და ეს პროცესი იყოს მისთვის სასიამოვნო და კომფორტული, არ უნდა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც მოისმენს. ხშირად დედის დასახმარებლად მას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რაც არის მოძიებული ან მოსმენილი არასანდო წყაროებიდან ან ეს ინფორმაცია არის მოძველებული.
ყველაზე ხშირად ვხვდებით ასეთ მითებს:
❌მითი: იმისათვის, რომ ბავშვი დანაყრდეს, დედის რძის გარდა აუცილებლად უნდა იღებდეს ხელოვნურ რძესაც.
✅რეალობა: დედის რძე ბოლომდე აკმაყოფილებს ახალშობილს, მთავარია ლაქტაციის წესების დაცვა და სწორი მოჭიდება.
❌მითი: ახალშობილმა უნდა ჭამოს ერთი ძუძუ 15 წუთი, შემდეგ მეორე - 15 წუთი, თუ ამის შემდეგ კიდევ ითხოვს, ესე იგი, არ ყოფნის.
✅რეალობა: არ არსებობს ძუძუდან ჭამის დაწესებული გარკვეული დრო, ახალშობილმა უნდა ჭამოს იმდენი ხანი, რამდენიც სურს. დროის შეზღუდვა საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის ლაქტაციის პროცესში.
❌მითი: დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას „მეძუძურის დიეტა“, რომ ბავშვს გაზებმა არ შეაწუხოს.
✅რეალობა: დედამ აუცილებლად უნდა იკვებოს მრავალფეროვნად, ჭამოს სხვადასხვანაირი საკვები, უბრალოდ დააკვირდეს ბავშვის ალერგიულ რეაქციას. დედამ უნდა შეზღუდოს მხოლოდ იმ საკვების მიღება, რომელმაც გამოიწვია ალერგიული რეაქცია ბავშვზე.
❌მითი: დედამ უნდა დაარეგულიროს თავისი კვება და კუჭ-ნაწლავის სისტემა, რომ ბავშვს გაზებმა არ შეაწუხოს.
✅რეალობა: დედის კუჭსა და ახალშობილის კუჭს შორის კავშირი არ არის.
❌მითი: არსებობს გენეტიკურად არანოყიერი და ნოყიერი დედის რძე, თუ თქვენს ოჯახში ქალებმა ვერ შეძლეს ძუძუთი კვება, ვერც თქვენ შეძლებთ.
✅რეალობა: ყველა ქალს შეუძლია ძუძუთი კვება, (გარდა მსოფლიო ქალების 3%-ისა), ყველა ქალის რძე არის საკმარისად ნოყიერი თავისი ახალშობილისთვის, ის იცვლება დღის განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად.
❌მითი: მშობიარობის შემდეგ, სანამ რძე მოვა, ახალშობილს უნდა მისცეთ ხელოვნური რძე.
✅რეალობა: ყველა ორსულს დაახლოებით 22 კვირიდან მკერდში უჩნდება ხსენი, რაც რასაკვირველია მშობიარობიდან პირველივე წამში გექმნებათ. უმეტეს შეკთხვევაში ხსენი ვერ გამოდის ხელის მოჭერით და არის უცნაური ფერის. აუცილებელია ხსენის მიცემა ახალშობილისთვის, სწორედ ხსენის საკმარისი მიღება განსაზღვრავს იმას, თუ როდის მოგივათ რძე და რა რაოდენობით. ხელოვნური კვების მიცემა პირველ დღეებში უშლის ხელს რძის გამომუშავებას, რძის მკერდის შეშუპების რისკს მშობიარობიდან 3-5 დღეს და წევს დაბლა ლაქტაციის წარმატებულობის შანსს.
❌მითი: პატარა მკერდის ზომით ან არასტანდარტული ფორმის ძუძუს თავებით ლაქტაცია შეუძლებელია.
✅რეალობა: მკერდის ზომა არ განსაზღვრავს რძის რაონოდებას, ეს არის დამოკიდებული ბევრ სხვა ფაქტორზე. ლაქტაცია შეუძლია ყველა დედას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ძუძუს თავები აქვს.
❌მითი: თუ რძე არ არის თეთრი, ესე იგი, არასაკმარისი ან არანოყიერია.
✅რეალობა: რძის ფერს განსაზღვარს ცილა კაზეინი და არა რძის ცხიმიანობის ხარისხი. ძროხის რძე შეიცავს ბევრ კაზეინს და ამიტომ ის თეთრი ფერისაა, მიუხედავად იმისა, თუ რა %-ცხიმიანობისაა. ადამიანის რძე ნაკლებ კაზეინს შეიცავს, ამიტომ ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ცისფერი, მომწვანო, თეთრი, ღია თეთრი და ა.შ.
აუცილებელია სწორი ინფორმაციის გაზიარება ახალბედა დედებისთვის, რადგან მათი სურვილის მიხედვით შეძლონ წარმატებულად ძუძუთი კვება.
წაიკითხეთ სრულად