Baby Bag

ყველაზე მეტად გავრცელებული ​მითები ლაქტაციის შესახებ

ყველაზე მეტად გავრცელებული ​მითები ლაქტაციის შესახებ

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი, თამუნა ლობჟანიძე ლაქტაციის შესახებ მითებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

მშობიარობის შემდეგ დედას უჩნდება კითხვები, რაც ბუნებრივია:

  • რამდენი ხანი უნდა ვაჭამო ძუძუ? 
  • ორივე ვაჭამო, თუ ერთი? 
  • ყოფნის თუ არა რძე? 
  • რატომ ტირის და ა.შ.

ძუძუთი კვება უფრო ადვილია, როდესაც დედა ინფორმირებულია. თუ დედა ხვდება პრობლემებს ძუძუთი კვებისას და არ იცის, როგორ გადაჭრას, ამ დროს მას აწვდიან არასწორ ინფორმაციას და ამით უფრო მეტი პრობლემა გროვდება. ხშირად ამის გამო დედა წყვეტს ლაქტაციას.

იმისათვის, რომ დედამ გააგრძელოს ძუძუთი კვება და ეს პროცესი იყოს მისთვის სასიამოვნო და კომფორტული, არ უნდა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც მოისმენს. ხშირად დედის დასახმარებლად მას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რაც არის მოძიებული ან მოსმენილი არასანდო წყაროებიდან ან ეს ინფორმაცია არის მოძველებული.

ყველაზე ხშირად ვხვდებით ასეთ მითებს:

მითი: იმისათვის, რომ ბავშვი დანაყრდეს, დედის რძის გარდა აუცილებლად უნდა იღებდეს ხელოვნურ რძესაც.

რეალობა: დედის რძე ბოლომდე აკმაყოფილებს ახალშობილს, მთავარია ლაქტაციის წესების დაცვა და სწორი მოჭიდება.

მითი: ახალშობილმა უნდა ჭამოს ერთი ძუძუ 15 წუთი, შემდეგ მეორე - 15 წუთი, თუ ამის შემდეგ კიდევ ითხოვს, ესე იგი, არ ყოფნის.

რეალობა: არ არსებობს ძუძუდან ჭამის დაწესებული გარკვეული დრო, ახალშობილმა უნდა ჭამოს იმდენი ხანი, რამდენიც სურს. დროის შეზღუდვა საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის ლაქტაციის პროცესში.

მითი: დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას „მეძუძურის დიეტა“, რომ ბავშვს გაზებმა არ შეაწუხოს.

რეალობა: დედამ აუცილებლად უნდა იკვებოს მრავალფეროვნად, ჭამოს სხვადასხვანაირი საკვები, უბრალოდ დააკვირდეს ბავშვის ალერგიულ რეაქციას. დედამ უნდა შეზღუდოს მხოლოდ იმ საკვების მიღება, რომელმაც გამოიწვია ალერგიული რეაქცია ბავშვზე.

მითი: დედამ უნდა დაარეგულიროს თავისი კვება და კუჭ-ნაწლავის სისტემა, რომ ბავშვს გაზებმა არ შეაწუხოს.

რეალობა: დედის კუჭსა და ახალშობილის კუჭს შორის კავშირი არ არის.

მითი: არსებობს გენეტიკურად არანოყიერი და ნოყიერი დედის რძე, თუ თქვენს ოჯახში ქალებმა ვერ შეძლეს ძუძუთი კვება, ვერც თქვენ შეძლებთ.


რეალობა: ყველა ქალს შეუძლია ძუძუთი კვება, (გარდა მსოფლიო ქალების 3%-ისა), ყველა ქალის რძე არის საკმარისად ნოყიერი თავისი ახალშობილისთვის, ის იცვლება დღის განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად.

მითი: მშობიარობის შემდეგ, სანამ რძე მოვა, ახალშობილს უნდა მისცეთ ხელოვნური რძე.

რეალობა: ყველა ორსულს დაახლოებით 22 კვირიდან მკერდში უჩნდება ხსენი, რაც რასაკვირველია მშობიარობიდან პირველივე წამში გექმნებათ. უმეტეს შეკთხვევაში ხსენი ვერ გამოდის ხელის მოჭერით და არის უცნაური ფერის. აუცილებელია ხსენის მიცემა ახალშობილისთვის, სწორედ ხსენის საკმარისი მიღება განსაზღვრავს იმას, თუ როდის მოგივათ რძე და რა რაოდენობით. ხელოვნური კვების მიცემა პირველ დღეებში უშლის ხელს რძის გამომუშავებას, რძის მკერდის შეშუპების რისკს მშობიარობიდან 3-5 დღეს და წევს დაბლა ლაქტაციის წარმატებულობის შანსს.

მითი: პატარა მკერდის ზომით ან არასტანდარტული ფორმის ძუძუს თავებით ლაქტაცია შეუძლებელია.

რეალობა: მკერდის ზომა არ განსაზღვრავს რძის რაონოდებას, ეს არის დამოკიდებული ბევრ სხვა ფაქტორზე. ლაქტაცია შეუძლია ყველა დედას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ძუძუს თავები აქვს.

მითი: თუ რძე არ არის თეთრი, ესე იგი, არასაკმარისი ან არანოყიერია.

რეალობა: რძის ფერს განსაზღვარს ცილა კაზეინი და არა რძის ცხიმიანობის ხარისხი. ძროხის რძე შეიცავს ბევრ კაზეინს და ამიტომ ის თეთრი ფერისაა, მიუხედავად იმისა, თუ რა %-ცხიმიანობისაა. ადამიანის რძე ნაკლებ კაზეინს შეიცავს, ამიტომ ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ცისფერი, მომწვანო, თეთრი, ღია თეთრი და ა.შ.

აუცილებელია სწორი ინფორმაციის გაზიარება ახალბედა დედებისთვის, რადგან მათი სურვილის მიხედვით შეძლონ წარმატებულად ძუძუთი კვება.

გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის, თამუნა ლობჟანიძის ბლოგს ინსტაგრამზე👇

https://bit.ly/3iW9H2j

თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ყოველ ოთხშაბათს გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის*, თამუნა ლობჟანიძე რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესე...

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 2 წლამდე - ძლიერი იმუნიტეტისათვის, შემდეგ კი დედისა და ბავშვის სურვილის მიხედვით“

​„ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 2 წლამდე - ძლიერი იმუნიტეტისათვის, შემდეგ კი დედისა და ბავშვის სურვილის მიხედვით“

რატომ არის ძუძუთი კვება არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც მნიშვნელოვანი, როგორია ძუძუთი კვების სტატისტიკა საქართველოში და როდის არის ოპტიმალური დრო ძუძუთი კვების დანებებისთვის? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე MomsEdu.ge ბუნებრივი კვების მხარდამჭერ აქტივისტსა და ლაქტაციის სპეციალისტს შორენა ლაღაძეს ესაუბრა.

- შორენა, თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში დედების რამდენი პროცენტი კვებავს ბავშვს ბუნებრივად, 0-დან 6 თვემდე და 0-დან 1 წლამდე?

​- საკმაოდ ხშირად ვეცნობი კვლევებს ბუნებრივი კვების სტატისტიკის შესახებ. სამწუხაროდ, მონაცემები სავალალოა. ბოლო წლების სტატისტიკით, ექსკლუზიურად ძუძუთი საქართველოში 6 თვემდე ბავშვების დაახლოებით 20% იკვებება. 
ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ჩვენთან არ არსებობს ძუძუთი კვების კონსულტანტის ინსტიტუტი. ის რჩევები, რაც ჩვენს წინაპრებს აქვთ, ყოველგვარ სამედიცინო საფუძველსაა მოკლებული და ხშირად, ჩვენდა სამწუხაროდ, თავად ექიმებმაც არ იციან ძუძუთი კვების პრინციპები. არადა, ბუნებრივი კვება წარმატებული რომ იყოს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წესის სკრუპულოზური დაცვაა აუცილებელი. ქალებს ხშირად არასწორი ინფორმაციის ან ინფორმაციის საერთოდ არქონის გამო, ნაადრევად უწევთ ძუძუთი კვების შეწყვეტა და თავადაც, მათდაუნებურად ხდებიან ამ მითებისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მიმღებლობის დიდი პრობლემა აქვთ - სიახლეს რთულად იგებენ და ეგუებიან. ამიტომ, საზოგადოებაში გავრცელებული ბევრი მავნებულური მითი, რაც ბევრ, საკმაოდ მონდომებულ დედას უშლის ხელს ძუძუთი კვებაში, კიდევ დიდი ხნით იცოცხლებს.


​- რამდენად სწორია - არ მაქვს რძე და ამიტომ ვაძლევ ბავშვს ხელოვნურ საკვებს? (როგორც ვიცით, 99% აქვს რძე, უბრალოდ არ იციან ძუძუთი წოვის ტექნიკის შესახებ)

​- მსოფლიოს მასშტაბით ქალების 1% საერთოდ არ აქვს რძე სარძევე ჯირკვლის თანდაყოლილი პათოლოგიის გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს 1% სრულად ჩვენს ქვეყანაში არაა თავმოყრილი. ასეთია ოფიციალური, სამედიცინო დასკვნა დედის რძის არსებობა-არარსებობის შესახებ. ქალების 99%-ს შეუძლია საკუთარი ჩვილის ძუძუთი გამოკვება, თუ მათ არ აქვთ მძიმე ჰორმონალური დარღვევა ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შეიძლება ცოტათი შეამციროს რძის რაოდენობა. ძუძუთი კვება ასევე არ შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც შიდსის დიაგნოზი აქვთ. 
წარმატების საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ ძუძუთი კვების წესების ცოდნაშია. ბავშვის ბუნებრივად კვება დედამ უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე, ძუძუ უნდა მისცეს სწორი ტექნიკით, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია, ბავშვს არ უნდა დაუმატოს სხვა საკვები ან სითხე - ეს გამოიწვევს რძის რაოდენობის შემცირებას ან გაშრობას. ამ დეტალების შესახებ ქალს ჯერ კიდევ მშობიარობამდე, ხოლო შემდეგ სამშობიარო სახლში უნდა ესაუბრებოდნენ მედიცინის მუშაკები.

​- როდის და როგორ უნდა გადავიდეს ბავშვი ხელოვნურ კვებაზე?

​- რით იკვებება ბავშვი - დედის რძით თუ ხელოვნური ფორმულით, ეს დედის გაცნობიერებული არჩევანი უნდა იყოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, იუნისეფი, ლაქტაციის საერთაშორისო ორგანიზაციები და თავად ხელოვნური კვების მწარმოებლები გვირჩევენ, ვკვებოთ ბავშვი საკუთარი რძით, მაგრამ ამავდროულად, არსებობენ დედები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ დედის რძის სიკეთეები, თუმცა არ სურთ ბავშვი ბუნებივად გამოკვებონ. მათი სურვილი პატივსაცემია, ამ დროს, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ბავშვის ეტაპობრივად გადაყვანა ძუძუდან ფორმულაზე.

 ასევე, ძალიან იშვიათად, ბავშვები იბადებიან თანდაყოლილი ფერმენტოპათიებით - გალაქტოზემიითა და ფენილკეტონურიით. ამ უიშვიათესი გენეტიკური დარღვევების შესახებ ინფორმაციას დედა მშობიარობიდან მალევე, სამშობიაროში აღებული სისხლის ანალიზის პასუხით შეიტყობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძუძუთი კვების გაგრძელება კატეგორიულად აღარ შეიძლება. ბავშვები გადადიან სპეციალურ კვებაზე და მთელი ცხოვრება რჩებიან მკაცრად შერჩეულ დიეტაზე. ხშირად, გალაქტოზემია რძის ცილის ან რძის ცხიმის აუტანლობაში ერევათ. ეს სამი სხვადასხვა საკითხია. ასევე, სხვა თემაა ალერგია ძროხის რძეზე. რძის ცხიმისა და რძის ცილის აუტანლობის დროს, დედა დგება სპეციალურ დიეტაზე. ძუძუთი კვება ჩვეულებრივ გრძელდება.

​- გვესაუბრეთ ძუძუთი კვების სარგებელზე. რა სარგებელი მოაქვს ლაქტაციას როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის?

​- ძუძუთი კვებას ბავშვისა და დედისათვის იმდენად დიდი სარგებელი აქვს, ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე, რაც დედისათვის ბუნებრივ კვებას მოაქვს, მკერდის კიბოს რისკის შემცირებაა. ბავშვისათვის დედის რძე იმიტომ არის საუკეთესო, რომ მასში ბევრად მეტი ცოცხალი ნივთიერება შედის, ვიდრე ფორმულაში ან სხვა რძეში. ეს ნივთიერებები ნიშნავს უფრო ძლიერ იმუნიტეტს, უფრო მაღალ ინტელექტს, უფრო მოწესრიგებულ კუჭ-ნაწლავის სისტემას, ძლიერ გულს, დიაბეტის დაბალ რისკს და ჭარბწონიაობის რისკების შემცირებას. რა თქმა უნდა, ეს სიკეთეები ჩვენს შვილებს უფრო დიდი ხნით გაჰყვებათ, თუ მათ კვებას დიდ ასაკშიც მივაქცევთ ყურადღებას. ასევე ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები დედაზე პოზიტიურად არიან მიჯაჭვულნი ჩვილ ასაკში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზრდილ ასაკში ისინი გაცილებით უფრო დამოუკიდებელნი ხდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ამ ტიპის სიახლოვე აკლდა. რა თქმა უნდა, სტატისტიკა შეფარდებითი ცნებაა და ის შეიძლება ცალკე აღებული, ერთი ბავშვისათვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მსგავსი მონაცემები ათასობით ბავშვსა და დედაზე დაკვირვებითა და მრავალწლიანი კვლევებით იწერება. ასე რომ, მათში ეჭვის შეტანა ნამდვილად არ ღირს.

​- ყველაზე ოპტიმალური დრო როდის არის ძუძუთი კვების დანებებისთვის? რა უნდა გაითვალისწინოს დედამ ამ დროს
?

​- ამ ორგანიზაციების რეკომენდაცია, რომლებიც ძუძუთი კვების საკითხებს იკვლევენ, ასეთია - ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 2 წლამდე, ძლიერი იმუნიტეტისათვის, შემდეგ კი დედისა და ბავშვის სურვილის მიხედვით. 1 წლამდე დედის რძე ძირითადი საკვებია, სხვა ყველაფერი - დამატება. ძუძუთი კვების შეწყევტა არ უნდა მოხდეს უცაბედად, ეს აზიანებს დედის ჯანმრთელობას და ბავშვის ფსიქიკას.

​ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

წაიკითხეთ სრულად