Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ურჩია არასდროს დაიბარონ მშობელი ბავშვის გაკიცხვისა და გაკრიტიკების მიზნით:

„ჰუმანური პედაგოგიკის თანახმად, მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს, რომ ბავშვზე რაღაც ავი უთხრას. თუ დაიბარებს, უთხრას, როგორი კარგი ბავშვია, როგორ გახარებულია თვითონ, რა ტალანტია. ამას თუ ეტყვის მასწავლებელი, აფერუმ ასეთ პედაგოგს! თუ მარტო თითი უნდა აქნიოს: „გაუზრდელი რად მომიყვანე? რად გააჩინე, თუ არ გაზრდი?!“ - ეს არის მასწავლებლის სირცხვილი.“

„ინდიგო ბავშვები მრავალმხრივ განვითარებულები არიან. ასეთები იბადებიან. რა ბადებთ, არ ვიცით. ზოგიერთი დედა დაბნეულიც არის, სად ატაროს ბავშვი: ბალეტზე, სპორტზე მათემატიკაზე, ყველაფერი უნდა ბავშვს. არ იციან, როგორ დაიმორჩილონ ბავშვი. მას სწორედ ის უნდა, რაც მე არ მინდა. ბავშვებს ახლა ჯიუტებს ვეძახით. ზოგიერთი დედა მოვა ჩემთან და მკითხავს: „როგორ დავძლიო ბავშვის ჯიუტობა?“ გასარკვევია, ბავშვი მართლა ჯიუტობს, თუ დედაა ჯიუტი. დედებიც არიან ჯიუტები. გინდა თუ არა, ეს უნდა გააკეთო. მე როგორც გითხარი ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ მე უფრო ვიცი, რა გჭირდება შენ. არ იფიქროთ, ბავშვები ისე იბადებიან, რომ არ იციან, რა სჭირდებათ მათ. მათ იციან ეს ყველაფერი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად