Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ - მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ - მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა. იგი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, ამ ეტაპზე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებითი საფეხურის 810 მასწავლებელი უკვე გადამზადდა და წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 800-მდე პედაგოგის გადამზადება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს.

პროგრამის განხორციელების შედეგად, სახელმძღვანელოს გამოყენებით, პედაგოგების შესაძლებლობები გაძლიერდება, ხოლო მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

წაიკითხეთ სრულად