Baby Bag

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 29 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათვე ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

​2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ:
  • საგნის გამოცდა;
  • სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;
  • პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, რომ ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის არანაკლებ 50%-ანი შედეგით დადასტურების თაობაზე.

​საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები.
ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას.
თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
  • პირად ნომერს;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
  • საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა);
  • სასურველ საგამოცდო ქალაქს;
  • გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური. საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი - იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია;
3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი - იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია.

გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ.თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: [email protected] (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში,რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი გახდა, (სსიპ ქ. მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა) გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა ) , ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო. (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა)

გამარჯვებულები სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

წაიკითხეთ სრულად