Baby Bag

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

თემუკა ჯიბლაძე საერთაშორისო ქართული სკოლის სპორტის მასწავლებელია. მისი მოსწავლეებთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. თემუკა ჯიბლაძის თქმით, ის სკოლაში უკვე ოთხი წელია მუშაობს, მოსწავლეებთან განსხვავებულ მიდგომებს იყენებს და საკუთარ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული:

„პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა. ერთი წელი ვესწრებოდი სხვადასხვა მასწავლებელს. შესვენებებზე ბავშვებს 5-5 წუთით რომ ვხედავდი, ჩემი აღმოჩენა და მისია იყო, რომ მათთვის შემექმნა განწყობა. ასე ვიპოვე ჩემი თავი. თან მყავს სადამრიგებლო კლასი სამი წელია. ახლა მეცხრე კლასში არიან. უკვე 15 წლისები არიან, აქეთ მემეგობრებიან, სერიალს მირჩევენ, ფილმებს, მუსიკას. მთავარი სკოლამ რაც მომცა არის ის, რომ აღმოვაჩინე ჩემი მიზანი: ბავშვებს შევუქმნა განწყობა.“

„ექვსი ბიჭის ბიძა ვარ. ყველაზე ძალიან რაც მაბედნიერებს, ეს არის ბავშვები და ძაღლები. ოთხი წელია, რაც ვმუშაობ და არცერთი შემთხვევა, არცერთი დღე არ მახსოვს, რომ სკოლაში მივედი და ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი. ასეთი სამსახური მაქვს, რომ დილით რომ ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, წავიდე,“- აღნიშნულ საკითხზე თემუკა ჯიბლაძემ მოსწავლეებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

მომთმენი მშობლის 6 განსაკუთრებული თვისება

მომთმენი მშობლის 6 განსაკუთრებული თვისება

მშობლობა საკმაოდ რთული პროფესიაა, რომელიც უდიდეს შრომას და ენერგიას მოითხოვს. მოთმინების უნარი ნებისმიერი მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია. მძიმე შრომა, ბავშვების წუწუნი, ტირილი და ხმაური ზოგჯერ საკმაოდ რთული გასაძლებია. ექსტრემალურ პირობებში მყოფმა მშობლებმა საკუთარ თავში უნდა იპოვონ ძალა, რათა საკუთარ ემოციებზე კონტროლო არ დაკარგონ. ​მომთმენი მშობლისთვის საჭირო თვისებების გამომუშავება ძალიან რთულია, მაგრამ მოთმინება მშობელს შვილთან ძლიერი ურთიერთკავშირის დამყარებაში ეხმარება. მომთმენი მშობლების შვილები თავს დაფასებულად და აღიარებულად გრძნობენ. თუ გსურთ, რომ მოთმინებამ არ გიღალატოთ და მშვიდი მშობელი იყოთ, გარკვეული თვისებების შეძენა აუცილებლად დაგჭირდებათ.

1. მომთმენი მშობლები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს

მშობელს ბავშვის გარკვეულ ქცევაზე თვალის დახუჭვა უნდა შეეძლოს. ეს განსაკუთრებით რთულია იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სისუფთავე უყვართ. თუ ბავშვები იატაკს რძით აბინძურებენ, კედელზე ფეხსაცმლის კვალს ტოვებენ ან ​სათამაშოებს ოთახში ფანტავენ, ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნათ. მომთმენი მშობელი აცნობიერებს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება და უწესრიგობის გამო ისტერიკის მოწყობა გამოსავალი არ არის. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვებმა იატაკი დააბინძურეს, დალაგებისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და მომხდარი ინციდენტის გარჩევისგან თავი შეიკავოთ.

2. მომთმენმა მშობელმა იცის, როდის უნდა გაიცინოს

მომთმენმა მშობელმა კარგად იცის, როდის უნდა გაიცინოს და როდის არ უნდა ​მიიღოს ბავშვის ქცევა სერიოზულად. ბავშვი კატასთან ერთად თამაშისას სახლში ნივთებს თუ გაფანტავს, ამ დროს დისციპლინაზე ლექციების წაკითხვას არ გირჩევთ. ნაცვლად ამისა, გირჩევთ ბავშვთან და ფისოსთან ერთად თქვენც გაერთოთ, გაიცინოთ და ფოტოებიც გადაიღოთ. თუ ერთად ბევრს იცინებთ, ამით ვითარებას განმუხტავთ. მოთმინების გამოჩენა და მსუბუქი მიდგომა ამ დროს ძალიან სასარგებლოა.

3. მომთმენი მშობელი საჭირო დროს შეჩერდება და ღრმად ჩაისუნთქავს

დედების ერთადერთი პროფესია მშობლობა არ არის. ზოგჯერ მათ იმდენი საქმის კეთება უხდებათ ერთბაშად, რომ ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. როდესაც ჩაიდანი დუღს, ძაღლი გარეთ გასეირნებას საჭიროებს, ბავშვები კი ერთმანეთს ეჩხუბებიან, დედებს ღრმად ჩასუნთქვა და დამშვიდება სჭირდებათ. ამ თვისების გამომუშავება ყველა დედას ესაჭიროება. რთულ ვითარებაში ღრმად ჩასუნთქვა და სირთულეებთან გასამკლავებლად ​სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

4. მომთმენმა მშობელმა ძალიან კარგად იცის, როგორ მოუსმინოს ბავშვს

მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან საუბრის სწავლა.​ ბავშვებს არამხოლოდ ჩვენ უნდა ვესაუბროთ, არამედ მათი მოსმენაც უნდა შეგვეძლოს. ბავშვების შესახებ უამრავი რამის გაგება შეგვიძლია, როდესაც ვიცით, როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ. ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ბავშვები ხედავენ. მათ ყველაფრის თავისებური ინტერპრეტაცია აქვთ. როდესაც დედები ბავშვებს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე საუბრის საშუალებას აძლევენ, ოჯახში იდილია მყარდება.

5. მომთმენმა მშობელმა იცის, როგორ გაუგოს ბავშვს

მომთმენ მშობელს მაშინაც კი შეუძლია შვილის გაგება და მისდამი ემპათიის გამოხატვა, როდესაც ის ირაციონალურ ქცევას ავლენს. საწოლის ქვეშ ძრომიალი და კარადის გამოლაგება ბავშვის დასარწმუნებლად, რომ ოთახში მონსტრები არ არიან, დროს და ენერგიას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მომთმენი მშობელი ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან კარგად ესმის, რამდენს ნიშნავს მსგავსი ქმედება მისი შვილისთვის, რომელსაც ეშინია.

6. მომთმენი მშობლები ხშირად ისეთივე ბავშვურები არიან, როგორც შვილები

მომთმენმა მშობელმა იცის, თუ ​როგორი მნიშვნელოვანია ბავშვურობა პატარებთან ურთიერთობაში. ის მთლიანად ერთვება შვილებთან თამაშში და ამ დროს სრულად ივიწყებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მის ცხოვრებაში არსებობს. ბავშვებისთვის მხიარული, კრეატიული და ბავშვური გართობის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მსგავსი თამაში მნიშვნელოვანი გადახვევაა ყოველდღიური რუტინიდან და წესებიდან, რომელთა დაცვა მათ მუდმივად უწევთ. მომთმენი მშობელი ყოველდღიურად ახერხებს დროის გამონახვას ბავშვური გართობისთვის.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად