შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ შუალედური ბრიფინგი გამართა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს შეახსენა, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.
სოფო გორგოძემ ბრიფინგზე რეგისტრაციისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა:
• აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა - გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს;
• რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
• მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს;
• იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა;
• პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად;
• გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას;
• საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
• თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
• არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.).
29 მარტის მონაცემებით:
• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.