Baby Bag

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

UG-PriEd-ი ახალ ტრენინგს სთავაზობს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს (1 კლასი). ტრენინგი ჩატარდება 1- 2 სექტემბერს. 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​​აქ

ძირითადი საკითხები:

• კითხვის ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობა; როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოიმუშაონ კითხვითი ქცევები და დამოკიდებულებები; 

• კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მიდგომა;

• კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა;

• ფონოლოგიური უნარების განვითარების ტრაექტორია და ამ უნარის განვითარების მნიშვნელობა წერა-კითხვის სწავლებისთვის;

• ვიდეორესურსის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში;

• სადემონსტრაციო აქტივობა (წინასააბანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა პოსტერების გამოყენებით;

• გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის გაცნობა და გამოყენება;

• ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება;

• ტექსტების ადაპტირება და საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება;

• კითხვის გაკვეთილისთვის მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ეფექტური სასწავლო რესურსების მომზადება;

• სადემონსტრაციო აქტივობა (საანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა;

• კონსტრუქციული უკუკავშირი.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე, ღირებულება - 80 ლარი. 

წაიკითხეთ სრულად