Baby Bag

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს

Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას. ამჯერად, Kings Georgia-სთან თანამშრომლობით, Mastercard საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს. შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წელია ქვეყანაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება სრულფასოვანი სასწავლო პროცესი სკოლებში, თუმცა ასეთ რეალობაში, საგანმანათლებლო პლატფორმის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თანამშრომლობის ფარგლებში, Kings-ის პროგრამებზე რეგისტრაციის დროს, Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. აღნიშნული პროექტი შეეხება Kings მარათონსა და საგნობრივ ოლიმპიადას. გარდა ამისა, 20%-იანი ქეშბექი აქტიური იქნება ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი წიგნების შეძენის შემთხვევაშიც. ხოლო II-დან VI კლასის ჩათვლით პირველ ადგილზე გასული მოსწავლე, Mastercard-ისგან ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს.

12 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი Kings-ის საგანმანათლებლო მარათონზე, გადაიხადე მონაწილეობის საფასური Mastercard-ის ბარათით და დაიბრუნე თანხის 20% შენს ანგარიშზე, მოხვდი წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე და მიიღე ყოველთვიური სტიპენდია Mastercard-ისგან!

Kings Georgia საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს.

Kings-მიზანია, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებით, გაზარდოს ზოგადი განათლების დონე საქართველოში და მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო აქტივობა შესთავაზოს.

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Mastercard-თან ერთად!

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

მედია კონტაქტი:

თეკლა ვეკუა

[email protected]

R.

წაიკითხეთ სრულად