Baby Bag

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიასა და ქიმიაში გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიასა და ქიმიაში გამოქვეყნდა

გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს პირველად შედეგებს ისტორიასა და ქიმიაში აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 75. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (18.75 ქულაზე) მეტი.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
წაიკითხეთ სრულად