წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
რა წესებით უნდა განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა - ახალი დადგენილება
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ გამოიცა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილება, რომელიც 23 მაისიდან შევიდა ძალაში. ახალი დადგენილების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;
თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ;
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან;
სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი;
სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს;
მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით. ამ მიზნით:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);
სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა 2020 წლის 23 მაისიდან მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა სხვა პირებმა გააგრძელონ საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;
ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს;
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა დაევალოთ სამინისტროს მიერ გაცემული დავალების/რეკომენდაციის გავრცელება და შესრულება, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.