წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
„როდესაც ამბობენ, რომ ეს ფორმატი არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ იძლევა, კატეგორიულად ვემიჯნები ამ აზრს,“ - გია მურღულია
ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სკოლისა და მასწავლებლის სამი უმთავრესი მიზნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სამი მთავარი მიზნიდან ორის მიღწევა დისტანციური სწავლების პირობებში საკმაოდ რთულია:
„მასწავლებელი და სკოლა სამ მთავარ რამეს აკეთებს: ასწავლის ამა თუ იმ საგანს, მოსწავლეებში ავითარებს უნარებს, რომელთა გარეშე ძნელია, რომ ადამიანმა წარმატებაზე იფიქროს საერთოდ (მაგ. ნებისყოფა, ნებისყოფის გარეშე პიროვნება საერთოდ არ არსებობს), აყალიბებს ღირებულებათა სისტემას. კარგი ადამიანი უნდა გაზარდოს სკოლამ. ამ სამიდან ორი, უნარების განვითარება და აღზრდის სისტემა, დისტანციური სწავლების დროს ძალიან სუსტად გამოიყურება. შენ რომ სიკეთის მხარეს დადგე, ამას სწავლება და აღზრდა სჭირდება.“
გია მურღულიას თქმით, დაწყებით კლასებში დისტანციური სწავლება უფრო მეტ სირთულეებს უკავშირდება, ვიდრე მაღალ საფეხურებზე:
„ცხადია, ვიზიარებ აზრს, რომ პირველ და მეორე კლასში ამის გაკეთება შედარებით რთულია. რაც უფრო მაღალი საფეხურია, მით უფრო მარტივდება, რასაკვირველია. თუმცა ეს შესაძლებელია. როდესაც ამბობენ, რომ ეს ფორმატი არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ იძლევა, კატეგორიულად ვემიჯნები მე ამ აზრს. სადაც არის კარგი მასწავლებელი და მოტივირებული მოსწავლე, იქ ძალიან კარგად ახერხებენ ბავშვები იმის გაკეთებას, რასაც დასწრებული ვითარების შემთხვევაში გააკეთებდნენ.“
გია მურღულია აღნიშნავს, რომ მშობლებს, რომლებსაც კერძო სკოლებში დაჰყავთ შვილები, ზოგჯერ სწავლის პროცესში ჩართვის სურვილი ნაკლებად აქვთ, რაც დიდი პრობლემაა:
„მშობლების განწყობა, რომ მე ფულს გადავიხდი და შენ რაც გინდა ქენი, ოღონდ შეასრულე ის, რაც სკოლას მოეთხოვება, ყველაზე რთულად მოსასმენი და გასაგები პოზიციაა სკოლისთვის. მე ხანდახან განცვიფრების უნარსაც ვკარგავ ხოლმე, როდესაც ასეთ პოზიციას ვისმენ. ეს ძალიან ჰგავს მშობლის სურვილს, რომ გათავისუფლდეს ბავშვის პრობლემებისგან. ასეთი საფასური არ არსებობს სამყაროში, რომ მშობელი ბავშვზე ზრუნვისგან და მასზე ფიქრისგან გათავისუფლდეს. მესმის დაკავებულობაც, სხვა ასეთი ამბებიც, ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ მოიხსნის საკუთარი შვილის წინაშე.“
„მეთოდოლოგიური კუთხით ეს არის განსაკუთრებული სიადვილე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების. თქვენ ნებისმიერ წუთს ხელთ გაქვთ შესაძლებლობა, რომ აჩვენოთ ბავშვებს რაღაც ტექსტი, იქვე მისცეთ დავალება, აჩვენოთ რაღაც მონაკვეთი რომელიმე ფილმიდან, მულტფილმიდან. ნებისმიერი შესაძლებლობა გაქვთ თქვენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოთ უფრო სწრაფად, ვიდრე კლასში ახერხებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნულ საკითხებზე გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.