წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
წიგნები, რომელთა წაკითხვასაც თქვენი მოსწავლეები არდადეგების დროს მოასწრებენ
თუ დასვენების დღეებზე წასაკითხი წიგნები ჯერ არ შეგირჩევიათ, Momsedu.ge გთავაზობთ სამ წიგნს, რომლის წაკითხვას მოსწავლეები არდადეგების პერიოდში მოასწრებენ.
1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“
ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს „დიდი გეტსბი“ - ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა.
იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება.
ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი! „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.
2. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა.
გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის.
დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
3. უილიამ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“
1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი'' (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას'' ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან.
ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული.
„ბუზთა ბატონი'' გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარიჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.