Baby Bag

​წიგნის წაკითხვისთვის საჭირო წინარე და შემდგომი აქტივობები

​წიგნის წაკითხვისთვის საჭირო წინარე და შემდგომი აქტივობები

წიგნის კითხვამდელი, წინარე მოსამზადებელი აქტივობა აუცილებელია, რადგან მოზარდს კითხვის მოტივაციას კიდევ უფრო უძლიერებს.

გარეკანი და სათაური

კარგი სათაური ტექსტის შინაარსზე მიგვანიშნებს. სათაური შეიძლება იყოს საინტერესო, დამაინტრიგებელი, ეპატაჟური და გვაძლევდეს მინიშნებას თუ რაზე შეიძლება იყოს ტექსტი, ამიტომ წარუდგინეთ მოზარდს ჯერ სათაური და მიეცით მსჯელობისთვის დრო.

თარიღი

იმის ცოდნა თუ როდის დაიწერა ტექსტი დაგვეხმარება ისტორიული რაკურსის დანახვაში, პარალელების გავლებაში, იმასაც გაგვახსენებს თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ამ დროს და ა.შ

ავტორის შესახებ

გსმენიათ ავტორზე რამე? თუ არ გსმენიათ შეგიძლიათ იპივოთ მოკლე ისტორია და გააცნოთ მოსწავლეს წიგნის წაკითხვამდე. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს წინასიტყვაობების წაკითხვაც, რადგან ის არის მთელი ტექსტის გასაღები, ასევე მისგან ვიგებთ წიგნის სტრუქტურის შესახებ თუ რამდენ თავად ან ქვეთავად არის დაყოფილი ამბავი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასოციაციური რუკა, ბრეინშტორმინგი, ინტერაქტიული კითხვები და სხვა მეთოდები.

ფოტომასალა

წიგნში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ისეთი საინფორმაციო წყაროები, როგორიცაა: ფოტო, გრაფიკი, დიაგრამა, სქემა, რუკა, ილუსტრაცია, რაც ასევე საყურადღებოა და წინასწარ გვამზადებს, მინიშნებებს გვაძლევს ამბის განვითარების შესახებ.

ვიდეოთრეილერი

ანახეთ ვიდეოთრეილერი წიგნის შესახებ ან ამ წიგნზე გადაღებული ფილმის თრეილერი, დასვით სადისკუსიოდ შეკითხვები და იმსჯელეთ ამის შესახებ.

წიგნის წაკითხვის შემდგომი აქტივობები

მოსწავლეები ხშირად წიგნს კითხვის დასრულებისთანავე დახურავენ, გვერდზე გადადებენ და აღარ ფიქრობენ მიუბრუნდნენ მას. წარმოდგენილი აქტივობები დაეხმარება მოზარდებს წაკითხულის ანალიზში, რეფლექსიის გაკეთებასა და შეჯამებაში.

გრაფიკული ორგანაიზერები: ორი იდეის შედარება

ეს ასოციაციურ რუკას გავს, სადაც ვახდენთ სხვადასხვა კონცეპტის ვიზუალიზაციას და ვპოულობთ საკვანძო კავშირებს იდეებს შორის, ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაასრულებს კითხვას და გვსურს გავაკეთოთ წაკითხული ტექსტის გახსენება საკლასო დისკუსიისთვის.

კარგი იქნება თუ წინასწარ აჩვენებთ სტუდენტებს გრაფიკული ცხრილების რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს და აუხსნით თუ როგორ შეიძლება მათი საუკეთესოდ გამოყენება.

წიგნზე რეფლექსია

წაკითხულის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ წიგნზე რეფლექსია ქვიზების და ტესტების გამოყენებით, თავად შეგიძლიათ შეადგინოთ მარტივი კითხვარები, რომელსაც ექნება ქვიზის სახე ან ტესტირების, ამის გაკეთება ონლაინაც შეგიძლიათ კომპიუტერის დახმარებით ან ჩვეულებრივ ფურცელზე.

კარგი იქნება ასევე თუ გაკვეთილში ჩართავთ სოკრატულ მეთოდს, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და გულისხმობს სწავლებას, სადაც მოსწავლე პასიური მსმენელი კი არ არის, არამედ აქტიური მოსაუბრეა და უძღვება დიალოგს, კითხვა-პასუხის რეჟიმშია ჩართული. აქ მთავრია რაღაც კონკრეტულ წამოწრილ რობლემაზე მსჯელობა და ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ მასწავ;ებელმა შეიძლება თავდაპირველად წარმოგვიდგინოთ ფოტო ტექსტიდან, რომელზეც წარმოდგენილია რაღაც პრობლემური ან დილემური სიტუაცია და მოსწავლეები თანამშრომლობის გზით უნდა ეცადნონ ამის მოგვარებას. სოკრატულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპის წამყვანი სკოლები, აღსანიშნავია ისიც, რომ საკლასო ოთახები ინფრასტრუქტურულად ისე აქვთ მოწყობილი, რომ ეს მეთოდი უფრო შედეგიანი ხდება, წრიულად განლაგებული კომფორტული, სკამები/პუფები, შესაფერისი ავეჯი სწავლებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორებია.

რეცენზიის დაწერა

წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია მოსწავლეს დავაწერინოთ რეცენზია, თავდაპირველად ავუხსნათ თუ რა ტიპის ტექსტია ეს და ვანახოთ ნიმუში რეცენზიის, მაგალითად წავუკითხოთ ცნობილი ფილმის ან თუნდაც სტატიის, წიგნის რეცენზია და მივცეთ საშუალება თავადაც შექმნას მსგავსი ფორმატის ტექსტი, ამ აქტივობას შეგვიძლია სისტემატური ხასიათიც მივცეთ.

წიგნის მიხედვით კრეატიული ნაკეთობების დამზადება

მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში ძალიან ეხმარება ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელოვნებასთანაცაა კავშირში, ამასთანავე ამ ყველაფერს თერაპიული სახეც აქვს. შეგიძლიათ დაამზადოთ საყვარელი წიგნისთვის სპეციალური გამოსახულებით სანიშნე ან შექმნათ წიგნის ახალი გარეკანი, დახატოთ ილუსტრაცია წიგნისთვის ან შექმნათ პოსტერი, წიგნის კოლაჟი. ეს დაეხმარება მას შემოქმედებითობის განვითარებაშიც, რაც ასევე მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს.

ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მშობელი ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის ემოციის დატევა მოახერხოს, იწყებს მის შერცხვენას,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებში სტრესის გამოვლენის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ პატარებს სტრესთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ და მშობლებისგან მხარდაჭერას საჭიროებენ. მაია ცირამუას თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის შერცხვენა მიუღებელია:

„ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა. არ არის საჭირო კრიტიკა. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვს ეშინია, მშობელი, ნაცვლად იმისა, რომ მისი ემოციის დატევა მოახერხოს და იყოს მისი მხარდამჭერი, იწყებს ბავშვის შერცხვენას. ის შვილს ეუბნება: „რისი გეშინია? შენ ხომ უკვე დიდი ხარ, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ!“ ეს არის ბავშვის ემოციური საჭიროებების უგულებელყოფა.

მაია ცირამუა აცხადებს, რომ სტრესი ბავშვებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და კოგნიტურ უნარებზეც. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ბავშვს ამ დროს აწუხებს, ძილის დარღვევაა:

„ბავშვს ერღვევა ძილი. ძილის დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. რომლითაც ბავშვი გვაძლევს სიგნალს, რომ მისი ემოციური ცხოვრება აღარ არის ისეთი სტაბილური. სტრესის დროს კოგნიტური ფუნქციონირების გარკვეულწილად შეზღუდვა ხდება. აქ არის კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დასწავლის უნარის დაქვეითება, რაც, საბოლოო ჯამში, ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება ხოლმე.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ დროს, როგორ ამოიცნოს ნიშნები და შემდეგ ამ ნიშნებზე რა რეაქცია ჰქონდეს,“ - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად