Baby Bag

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრი პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ ​პედაგოგიური კვლევის დისტანციური კურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქმედ პედაგოგებს.

კურსის ფარგლებში მომზადებულია დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს :

1. რა არის კვლევა? პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა.
2. კვლევის მეთოდები (რაოდენობრივი და თვისებრივი)
3. კვლევის ინსტრუმენტები , კვლევის გეგმის შემუშავება და პროცედურები
4. მონაცემის სახეები და მათი დამუშავება
5. კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და ვიზუალური რეპრეზენტაცია
6. კვლევის ეთიკა

კურსზე რეგისტრაცია 12 აგვისტოს დაიწყება, აპლიკანტების რაოდენობა კი შეზღუდულია.

ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო კურსისთვის აპლიკანტები შეირჩევიან მერიტოკრატიული პრინციპებით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

1. პროფესიული მოტივაცია - 30%
2. ცოდნის დისემინაციის სქემა - 30%
3. სასწავლო კურსის საჭიროების დასაბუთება - 40%

შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იქნება:

1. შერჩეული აპლიკანტების გეოგრაფიული დანაწილება (რეგიონების თანაბარი ჩართულობა)
2. გენდერული ბალანსი

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების სერტიფიკატებს.

კურსში მონაწილეობა უფასოა.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრს ​ამ გ​ვერდზე.

წაიკითხეთ სრულად