Baby Bag

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ორი სიახლე, რომელიც მიხეილ ჩხენკელის გამოსვლიდან გავიგეთ

ორი სიახლე, რომელიც მიხეილ ჩხენკელის გამოსვლიდან გავიგეთ

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

ასევე, 4 ოქტომბრიდან თავიანთ საქმიანობას სრულად აღადგენენ საჯარო და კერძო ბაღები საქართველოს მასშტაბით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ასევე რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე.

სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას, სასწავლო პროცესი კი ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართება.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მათ უფლებამოსილება ეძლევათ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ ფორმატში წარმართონ. პროცესი ნებაყოფლობითია და სასწავლებლები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

მიხეილ ჩხენკელი: „კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს, რასაკვირველია, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს.

ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ!

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფლება ექნებათ, 4 ოქტომბერს პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიაში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავად იღებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

მსურს, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

შეგახსენებთ, რომ აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 65% უახლოვდება. UNICEF-თან ერთად ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ კამპანიას იმისთვის, რომ სკოლის პერსონალი იყოს სრულად ვაქცინირებული. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვების მშობლებზე – იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, მათ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ რომელიმე მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა ონლაინ სივრცეში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მას ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. ეს არჩევანი აქვს ყველა მშობელს. აღნიშნული პრაქტიკა უკვე დანერგილი გვქონდა გასულ სასწავლო წელს. გვაქვს პორტალი და სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს ამ პროცესს ორგანიზებას“.

წაიკითხეთ სრულად