Baby Bag

,,სკოლებში, მეათე-მეთორმეტე კლასების პროგრამაში პროფესიული განათლების შეტანის ამბიციურ პროექტს შემდეგი წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ''

,,სკოლებში, მეათე-მეთორმეტე კლასების პროგრამაში პროფესიული განათლების შეტანის ამბიციურ პროექტს შემდეგი წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ''

სკოლებში, მეათე-მეთორმეტე კლასების პროგრამაში პროფესიული განათლების შეტანის ამბიციურ პროექტს შემდეგი წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს ​პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას.

„ეს, ბუნებრივია, 2 100-ვე სკოლაში ერთდროულად ვერ მოხდება. თავიდან, შეირჩევა 40-50 საპილოტე სკოლა, სადაც მოხდება პროფესიების და საჭიროებების იდენტიფიცირება, რომელიც იმ სკოლის ადგილსამყოფელის არეალში არსებობს. მომზადდება ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა პროგრამა და მასწავლებლები. ამისთვის ალბათ, რამდენიმე წელი დაგვჭირდება და რას ვიზამთ ამით? – პირველი, ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფთ, რადგან ქვეყანაში გვაქვს 2 100 სკოლა და შეუძლებელია, თუნდაც ამის ნახევარი კოლეჯი შევქმნათ. მეორე, სკოლის კურსდამთავრებულთა 70-75% უმაღლეს განათლებას ირჩევს და როდესაც ეს სისტემა სკოლაშივე დაინერგება, სკოლის დამთავრებისთანავე ახალგაზრდას მიეცემა, როგორც სკოლის ატესტატი, ასევე, თუ ისინი პროფესიული განათლების მიმართულებას აირჩევენ, მიეცემა დიპლომი, სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ერთ კონკრეტულ პროფესიაში მის მომზადებას. შესაბამისად, ახალგაზრდა სკოლის დამთავრებისთანავე იქნება მზად, რომ შევიდეს შრომის ბაზარზე ერთი მნიშვნელოვანი დათქმით – მას არასდროს არ ეკეტება კარი, რომ გააგრძელოს სწავლა პროფესიულ, თუ უმაღლეს სასწავლებელში“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, საშუალო საფეხურზე ინტეგრირებული პროგრამის დანერგვა მოხდება სასკოლო საგნების პარალელურად და რა თქმა უნდა, მოსწავლე ამით სასკოლო საგნებს არ მოწყდება.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, სკოლებში ვერ იქნება ის პროფესიული განათლება, რაც კოლეჯებში ხორციელდება, მაგრამ ეს იქნება პირველი მარცვალი, რომელიც საბაზო, თუ საშუალო საფეხურიდან დაიწყება.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, აღნიშნული პროგრამით მოხდება პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ადრეულ ასაკში და პრესტიჟის ამაღლება.

„რამდენიმე მიმართულებით ამ სვლებით, საბოლოო ჯამში, მივალთ იქამდე, რომ არ იქნება მყისიერი გადაწყვეტილება მიღებული სკოლის დამთავრებისთანავე, რომ ახალგაზრდამ პირდაპირ უმაღლესში უნდა გააგრძელოს სწავლა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

წყარო: ​​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

წაიკითხეთ სრულად