სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IPN განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე ძალაშია ძველი რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, სკოლას ევალება გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელია, სკოლას დაგეგმილ ექსკურსიაზე ინფორმაცია ჰქონდეს. ასევე, აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.
„უსაფრთხოება პრიორიტეტია და რეკომენდაციები დავალების სახით ყველა დირექტორს აქვს მიღებული - სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი დირექტორია. როცა ექსკურსია თავად მშობლების მიერ არის ორგანიზებული, მათაც ამავე რეკომედაციებით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს რეგულაციებს ვერ დავუდგენთ. ჩვენი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და მშობლებს შეუძლეთ ეს სახელმძღვანელოდ გამოიყენონ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.
იხილეთ ასევე:
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება