Baby Bag

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან და ფინანსურ საკითხს მოიცავს, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

„სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რა მიზნითაც, შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა. სამოქმედო გეგმა ემსახურება ფინანსური განათლების სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, რადგან მასში გაწერილია ფინანსური განათლების ის პრიორიტეტული ღონისძიებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კოორდინაციით, კომიტეტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება.

ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის N4 სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.

ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

წაიკითხეთ სრულად