Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დაპირებას იძლევა განათლების მინისტრი ახალ სასწავლო წელს?

რა დაპირებას იძლევა განათლების მინისტრი ახალ სასწავლო წელს?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. რა დაპირებას იძლევა მინისტრი ახალ სასწავლო წელს? - იხილეთ მინისტრის დაპირება და მილოცვა სიტყვა-სიტყვით: 

„​ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

დღეიდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება.

გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს.

მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.

მე, როგორც მინისტრი, გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობები შეგიქმნათ.

შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!“


წაიკითხეთ სრულად