Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგი, რომელიც კრედიტქულების მოპოვებაში დაგეხმარებათ

პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგი, რომელიც კრედიტქულების მოპოვებაში დაგეხმარებათ

საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრთან და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგებს აგრძელებს. 

კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, პედაგოგებს აღნიშნული კურსი 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ:

,,ტრენინგები მასწავლებლების წარმატებული საქმიანობისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. ჩვენ, საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით პირველები, ვინც  არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ კურსები შემოვიღეთ. ტრენინგზე რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერები ატარებენ. ტრენინგი პედაგოგებს 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ,'' - აღნიშნავენ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. 

ტრენინგ-მოდული მოიცავს 18 სამუშაო შეხვედრას, 100 სამუშაო საათს, მათგან 66 საკონტაქტო, ხოლო 34 არასაკონტაქტო საათი. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა. 

კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული და საბოლოო ტესტირების შედეგი.

ინფორმაციისთვის, ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებულ 100-საათიან ტრენინგ კურსს უწევს ორგანიზებას. ჯამში კურსი 6000 პედაგოგმა გაიარა.

სწავლების დაწყება შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე! ტრენინგის გავლა ფასიანია.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 597 906 490 ან მისწერეთ ტრენინგ ცენტრს -​,,ცოდნა''

R.

წაიკითხეთ სრულად