Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და პროცედურები

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და პროცედურები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირებას.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან, 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ინფორმაცია ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ განთავსდება 2020 წლის 27 თებერვალს.

წაიკითხეთ სრულად