Baby Bag

მე-7 კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

მე-7 კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი დასრულდა.

უწყების ცნობით, ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა ქართულენოვან სკოლაში დარიგდება.

„გრიფირების მიმდინარეობის პროცესში, სამინისტროში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი ეტაპი 73-მა გადალახა; აქედან ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა, ხოლო კორექტურის განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

საბოლოო ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა. საგნების მიხედვით გრიფირებულ სახელმძღვანელთა რაოდენობა შემდეგია: ქართული ენა და ლიტერატურა 4; მათემატიკა 3; ისტორია 2; გეოგრაფია 1; ბიოლოგია 4; ფიზიკა 7; მოქალაქეობა 3; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 4; მუსიკა 2; ინგლისური ენა 1; გერმანული ენა 1; ფიზიკური აღზრდა და სპორტი (V-VI) 1; ქართული, როგორც მეორე ენა (I-IV) 1.

სახელმძღვანელოების შემფასებელთა ჯგუფში შედიოდა როგორც მასწავლებელი, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

გამომცემლობების მიერ შემოთავაზებული ფასების შესაბამისად იმ საგნებში, სადაც სამზე მეტი სახელმძღვანელოა, საჯარო სკოლებს შესარჩევად რეიტინგით პირველი სამეული შეეთავაზებათ. საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა 7 ივლისის ჩათვლით ექნებათ.

მომდევნო წელს გრიფირებული სახელმძღვანელოები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნება და არაქართულენოვან სკოლებში მათი დანერგვა 2020-2021 წლიდან დაიწყება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში, - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განუცხადეს. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადე მოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.

საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით.

წაიკითხეთ სრულად