Baby Bag

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი. ამასთან, ბარათის ამობეჭდვა იმდენჯერაა შესაძლებელი, რამდენჯერაც აპლიკანტს დასჭირდება. 

რამდენიმე წელია, რაც საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა პირადი გვერდიდანაა შესაძლებელი - online.naec.

წინა წლებში ბარათებს სკოლებში არიგებდნენ, დაკარგვის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის უნდა მიემართა. მას შემდეგ, რაც საგამოცდო ბარათი A4 ფორმატისაა და მისი ამობეჭდვა პირადი გვერდიდან ხდება, აპლიკანტს არიდებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

''მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა'' - აღნიშულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ რეგისტრაცია 3-დან 10 თებერვლის ჩათვლით იყო გამოცხადებული. თუმცა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებმაც სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო დადგენილ ვადებში ვერ შეძლეს ექსტერნად რეგისტრაცია. სამინისტრომ თხოვნა გაითვალისწინა და მათთვის რეგისტრაციის დამატებითი ვადები განისაზღვრა.

შეგახსენებთ რომ, ექსტერნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს აღემატება და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

წაიკითხეთ სრულად