Baby Bag

„სკოლა თავად აკეთებს არჩევანს - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს“

„სკოლა თავად აკეთებს არჩევანს - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს“

სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს დაემატება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, რაც ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას.

„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედაენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის „დედაენაც“ იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს თავისუფალი არჩევანია სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ, რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედაენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედაენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალი ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად