Baby Bag

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დაინერგება

2020 წლიდან  ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დაინერგება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2020 წლიდან შევა ძალაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართლ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მინისტრის თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა:

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში.“ 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა იმისათვის, რომ აპლიკანტებისთვის გამოცდები კომფორტული გარემოში ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი - 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა - ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.


შეიძლება დაინტერესდეთ

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

წაიკითხეთ სრულად