Baby Bag

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლის ნიჭის გამოვლენა შეძლოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლის ნიჭის გამოვლენა შეძლოს

ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი (1902-1987) არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მან ჩამოაყალიბა მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული (Student Centered Learning) სწავლების იდეა, როდესაც სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება. 

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე თვითონ არის აქტიური და ინიციატივიანი. იგი აცნობიერებს იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობს მისი სწავლისადმი ინტერესების გაზრდას. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება პიროვნების ცვლილებისა და ზრდის ექვივალენტურია. 

როჯერსის მიხედვით, ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი გააჩნიათ. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ სწავლების პროცესში შექმნას ისეთი ატმოსფერი, სადაც მოსწავლეს შეეძლება ასეთი ნიჭის გამოვლენა. ამისათვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა:

  • შექმნას პოზიტიური გარემო სწავლებისათვის;
  • სწორად ჩამოაყალიბოს სწავლების მიზანი;
  • სისტემაში მოიყვანოს სასწავლო რესურსები და გახადოს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი;
  • მოახდინოს სწავლების ინტელექტუალური და ემოციური კომპონენტების გაწონასწორება;
  • შეძლოს, რომ არ იყოს დომინანტი, იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს.

როჯერსის მიხედვით, სწავლება სასურველი მაშინაა, როცა (1) მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში; (2) მოსწავლე აწყდება პრაქტიკულ, კვლევით პრობლემებს, რისი საშუალებითაც სწავლა უფრო მეტად მორგებული ხდება ინდივიდის საჭიროებებზე; (3) მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, რაც მისი პროგრესისა და წარმატების შეფასების ძირითადი მეთოდია. როჯერსი, აგრეთვე, მიუთითებს მუდმივი ცვლილებების აუცილებლობაზე სწავლების პროცესში, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას. 

როჯერსის მიხედვით, 

1. სწავლება უფრო ნაყოფიერია, თუ საგნის შინაარსი და პიროვნების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. 
2. საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა, რაც არ გამოიწვევს პიროვნების დათრგუნვას. 
3. სწავლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუ ასეთი შიშის კოეფიციენტი დაბალია. 
4. ყველაზე პროდუქტულია ინიციატივიანი ანუ სტიმულის მიმცემი სწავლება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

წაიკითხეთ სრულად