Baby Bag

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე გულწრფელი მადლიერება, შენი შრომის დაფასება და იმის ცოდნა, რომ შენი დაწყებული საქმე ისევ ისე კაშკაშებს და აკვირვებს სხვებს.

სწორედ ასეთ სიხარულზე წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 2 წლის წინ უწერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლამ ლელა მასწავლებელზე ვიდეო გადაიღო, რომელსაც მასწავლებელი სიტყვით გამოუთქმელ სიკეთედ აფასებს:

„მეგობრებო, დღეს ასეთი საოცარი (ამ სიტყვის მთელი სისავსე იგულისხმეთ) ვიდეო მივიღე საჩუქრად.

ეს ერთი სოფლის ერთი სკოლის ერთი უბრალო ოთახია, რომელიც ასეთი დავტოვე ორი წლის წინ და ისევ ისე კაშკაშებს, ისევ ისე აკვირვებს მნახველს, ისევ ისე უჩნდებათ უწერის სკოლაში სწავლის სურვილი და ყველაფერი ეს სათქმელს მიგროვებს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ შეფასებაზე და ეს ვიდეო სიტყვით გამოუთქმელი სიკეთეა ჩვენს რეალობაში.
ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელია, აუწონავი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის! ერთია, რომ დაინახო და მერე კიდევ, იფიქრო, შეაფასო, ამისთვის დრო გამონახო და სხვებს გაუზიარო.

ვიდეო დოკუმენტურ ფილმს ჰგავს და ჩემთვის თითოეულ კადრს, ფრაზას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

წმ. გიორგის ეკლესიიდან იწყება ყველაფერი.
გზას მოვყვებით და იქვე ჩანს ორი ხე, რომლის ძირში მე და ჩემი სამი მოსწავლე 2014 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების მერე მოვკალათდით და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ხმამაღლა ვუკითხეთ ერთმანეთს.
ხიდი. ჩრდილები ხიდზე. რიონის ტალღები. წინ სკოლაა. ამ ხიდზე გაკვეთილების შუალედში წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. აბიბინებული გზა, რომელიც ყველა სოფლის სკოლას მიუყვება, გულს მატკიებს.
არსებობენ დაუვიწყარი გზები, რომლებთანაც ვმეგობრობთ.

რამდენიმე დღის წინ უწერის სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს ვეუბნებოდი, დროსთან ერთად როგორ მიძლიერდება მისდამი მადლიერება. რომ არა მისი თანხმობა და თანადგომა, ეს ოთახი არ იარსებებდა.

აქ ყოფნისას გული სევდით მევსება.
სიმშვიდეს მანიჭებს ის განცდა, რომ ჩემგან გაშვებული მყავს ყველა საქმე, რაც განგებამ მაკეთებინა.

მთავარია, რასაც ბავშვები
ამბობენ და გრძნობენ.
მთავარია, ჩვენი მეგობრობის ამბავი ისევ გრძელდება, ჩემო ძვირფასო სოფო, საყვარელო ადამიანებო, სოფელო, ბავშვებო,“ - წერს ლელა კოტორაშვილი.

ვიდეო იხილეთ ამ ​ბმულზე

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გავლენის მოხდენა შეუძლია არაკონდიცირებულ, ცხელ ოთახს აბიტურიენტთა აზროვნების პროცესზე - პედიატრი თამარ ობგაიძე

რა გავლენის მოხდენა შეუძლია არაკონდიცირებულ, ცხელ ოთახს აბიტურიენტთა აზროვნების პროცესზე - პედიატრი თამარ ობგაიძე

რა გავლენის მოხდენა შეუძლია არაკონდიცირებულ, ცხელ ოთახს აბიტურიენტთა აზროვნების პროცესზე, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრო​ბს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ახალმა კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა პლენეტის დღის წესრიგი, რაც პრაქტიკულად ყველა სფეროზე აისახა.
უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვა, რაც აქამდე არასოდეს დაგვჭირვებია, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა.
წინ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებია და როგორც ჩანს, კორონავირუსთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები ამ სფეროზეც აისახება.
სწორედ, უსაფრთხოების მიზნით ჩაითვალა საჭიროდ, არ იქნას გამოყენებული კონდიცირების სისტემები. თუმცა იმედია, გამოცდებამდე მიღებულ იქნება ახალი მტკიცებულებები და ეს აკრძალვა გადაიხედება.

მაგრამ რა გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურას ადამიანის ორგანიზმზე?

გარემო ფაქტორები, მათ შორის, ამინდის, ოთახში ტემპერატურის, ჰაერის შემადგენლობის, ტენიანობის ცვლილებები გავლენას რომ ახდენს ადამიანის ორგანიზმის ბევრ ფუნქციაზე, მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია. კარგა ხანია დეტალურადაა შესწავლილი არამარტო მეტეოფაქტორების ზემოქმედება, არამედ ცალკეული ფიზიკური ფაქტორის გავლენაც, მათ შორის, ისიც, თუ როგორ მოქმედებს გარემოს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. თერმული კომფორტის შეგრძნების დარღვევას შეუძლია ზემოქმედების მოხდენა შრომის ნაყოფიერებაზე და ეს, რა თქმა უნდა, გონებრივი შრომაზე აისახება.

მაშ, არის თუ არა კავშირი სითბურ სტრესსა და კოგნიტურ ფუნქციას შორის?

სითბური სტრესი სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ-ერთ პროფესიულ რისკადაა მიჩნეული. ჯერ კიდევ 1983 წელს Ramsey-ს და თანაავტორთა მიერ 14 თვის მანძილზე განხოცრიელებულმა დაკვირვებამ ქარხნების მუშებზე (სულ 17000 დაკვირვება) აჩვენა, რომ სამუშაო გარემოში მაღალი ტემპერატურა დაკავშირებილი იყო საფრთხის მატებასთან, რაც მუშის გაუფრთხილებლობით ხდებოდა. ამ გარემოში იზრდებოდა უბედური შემთხვევების რიცხვი საშუაო ადგილზე ყურადღების მოდუნებასთან დაკავშირებით.

მეცნიერთა დაკვირვებით, ოთახის მაღალი ტემპერატურა ნაკლებად მოქმედებს მარტივი სამუშაოს ჩატარების უნარზე, მაგრამ რთული სამუშაოების შესრულებაზე, რაც უფრო მეტ ყურადღებასა და აზროვნებასთანაა კავშირში, გავლენა ცალსახაა.

Laurent JG და თანაავტორთა მიერ (2016 წ) დაკვირვება წარმოებდა 44 სტუდენტზე, რომელთა საშალო ასაკი 20,2 წელი იყო. კვლევით დადგინდა, რომ ოთახის მაღალ ტემპერატურაზე ( >26 გრადუსზე) ცდის პირთა ყურადღება, რაც რამდენიმე ტესტით ფასდებოდა, უფრო დაბალი იყო. ეს კი, რა თქმა უნდა, მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.

საინტერესოა ოთახის მაღალი ტემპერატურის გავლენა სხვადასხვა საგანში მოსწრებასთან დაკავშირებით. Wargocki P და Wyon DP მონაცემებით, მათემატიკის გაკვეთილებზე იმ ოთახში, სადაც ტემპერატურა 27 გრადუსი იყო, 30%-ით დაბალი აღმოჩნდა მოსწავლეთა ტესტირების შედეგები, 20 გრადუსიან ოთახში ჩატარებული ტესტირების შედეგებთან შედარებით. რაც შეეხება კითხვის გაკვეთილებს, აქ ოთახის მაღალი ტემპერატურის ზეგავლენა უფრო ნაკლებად ვლიდნებოდა - სულ 5,7%-ით მეტი იყო მოსწრება დაფიქსირდა იმ ოთახის მოსწავლეთა შორის, სადაც ტემპერატურა 22,5 გრადუსი იყო.

Kabanshi A და თანაავტორებმა (2015 წ) შეისწავლეს ოთახის მაღალი ტემპერატურის, კონდიცირების და ხმაურის გავლენა სტუდენტების სწავლის პროცესზე. აღმოჩნდა, რომ ოთახის მაღალი ტემპერატურა უარყოფად მოქმედებდა წერის და ლოგიკასთან ასოცირებულ უნარებზე.

რა გავაკეთოთ სითბური სტრესის შესამცირებლად?

  • პირველ რიგში, გახსოვდეთ, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ადვილად ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, ამიტომ მიიღეთ წლის გაზრდილი რაოდენობა და ცივი წყალი გამოცდის მიმდინარეობისასაც გამოიყენეთ.
  • გამოცდებამდე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას. საინტერესოა თიროზინის ზეგავლენა კოგნიტურ პროცესებზე. თიროზინი, შეუცველელი ამინომჟავაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში ფენილალანინიდან და ცილების შემადგენლობაში შედის. ის ზემოქმედებს დოფამინისა და ნორადრენალინის ცვლაზე თავის ტვინში. კვლევები ადასტურებს, რომ ეს პასუხი ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას გარემოს ექსტრემალური ფაქტორების ზემოქმედების, მათ შორის გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს. ამიტომ სწორი კვება აუცილებლად დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში - მიირთვით ცილოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული.

  • და რა თქმა უნდა, დაიცავით უსაფრთხოების ყველა ზომა ინფიცირების რისკის შესამცირებლად.“

წაიკითხეთ სრულად