Baby Bag

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე გულწრფელი მადლიერება, შენი შრომის დაფასება და იმის ცოდნა, რომ შენი დაწყებული საქმე ისევ ისე კაშკაშებს და აკვირვებს სხვებს.

სწორედ ასეთ სიხარულზე წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 2 წლის წინ უწერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლამ ლელა მასწავლებელზე ვიდეო გადაიღო, რომელსაც მასწავლებელი სიტყვით გამოუთქმელ სიკეთედ აფასებს:

„მეგობრებო, დღეს ასეთი საოცარი (ამ სიტყვის მთელი სისავსე იგულისხმეთ) ვიდეო მივიღე საჩუქრად.

ეს ერთი სოფლის ერთი სკოლის ერთი უბრალო ოთახია, რომელიც ასეთი დავტოვე ორი წლის წინ და ისევ ისე კაშკაშებს, ისევ ისე აკვირვებს მნახველს, ისევ ისე უჩნდებათ უწერის სკოლაში სწავლის სურვილი და ყველაფერი ეს სათქმელს მიგროვებს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ შეფასებაზე და ეს ვიდეო სიტყვით გამოუთქმელი სიკეთეა ჩვენს რეალობაში.
ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელია, აუწონავი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის! ერთია, რომ დაინახო და მერე კიდევ, იფიქრო, შეაფასო, ამისთვის დრო გამონახო და სხვებს გაუზიარო.

ვიდეო დოკუმენტურ ფილმს ჰგავს და ჩემთვის თითოეულ კადრს, ფრაზას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

წმ. გიორგის ეკლესიიდან იწყება ყველაფერი.
გზას მოვყვებით და იქვე ჩანს ორი ხე, რომლის ძირში მე და ჩემი სამი მოსწავლე 2014 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების მერე მოვკალათდით და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ხმამაღლა ვუკითხეთ ერთმანეთს.
ხიდი. ჩრდილები ხიდზე. რიონის ტალღები. წინ სკოლაა. ამ ხიდზე გაკვეთილების შუალედში წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. აბიბინებული გზა, რომელიც ყველა სოფლის სკოლას მიუყვება, გულს მატკიებს.
არსებობენ დაუვიწყარი გზები, რომლებთანაც ვმეგობრობთ.

რამდენიმე დღის წინ უწერის სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს ვეუბნებოდი, დროსთან ერთად როგორ მიძლიერდება მისდამი მადლიერება. რომ არა მისი თანხმობა და თანადგომა, ეს ოთახი არ იარსებებდა.

აქ ყოფნისას გული სევდით მევსება.
სიმშვიდეს მანიჭებს ის განცდა, რომ ჩემგან გაშვებული მყავს ყველა საქმე, რაც განგებამ მაკეთებინა.

მთავარია, რასაც ბავშვები
ამბობენ და გრძნობენ.
მთავარია, ჩვენი მეგობრობის ამბავი ისევ გრძელდება, ჩემო ძვირფასო სოფო, საყვარელო ადამიანებო, სოფელო, ბავშვებო,“ - წერს ლელა კოტორაშვილი.

ვიდეო იხილეთ ამ ​ბმულზე

შეიძლება დაინტერესდეთ

​Covid-19 და ხელახალი დაბრუნება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში - რა რჩევებს გვაძლევს აშშ პედიატრიის აკადემია

​Covid-19 და ხელახალი დაბრუნება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში - რა რჩევებს გვაძლევს აშშ პედიატრიის აკადემია

Covid-19 და ხელახალი დაბრუნება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში - რა რჩევებს გვაძლევს აშშ პედიატრიის აკადემია - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის​ ბლოგს

საგაზაფხულო სემესტრმა კარანტინსა და ონლაინ სწავლებაში ჩაიარა. სექტემბრიდან ბავშვები კვლავ დაუბრუნდებიან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, მაგრამ კორონავირუსი არსად წასულა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წინ გრიპის სეზონიცაა, დასაფიქრებელი ბევრია.

ის, რომ კოვიდით ავადობა და მძიმე გართულებები ბავშვთა პოპულაციაში შედარებით დაბალი იყო, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში რთულია ჰიგინური ღონისძიებების დაცვა, დისტანცირება, ნიღბების გამოყენება. ამას ემატება ბევრი სასწავლო დაწესებულების მოუწესრიგებელი ინფრასქტრუქტურა, დამლაგებლების სიმცირე.

მაშ, როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო პროცესი ისე, რომ ის უსაფრთხო იყოს? - რაზე ამახვილებს ყურადღებას აშშ პედიატრიის აკადემია?

  • პირველ რიგში, მოგვიწოდებს, რომ ის სტრატეგია, რაც უსაფრთხოების მიზნით დაიგეგმება, უნდა იყოს პრაქტიკული, შესრულებადი და შეესაბამებოდეს კონკრეტული საბავშვო დაწესებულების შესაძლებლობების დონეს.
  • სასკოლო პოლიტიკა მაღალი ხარისხის სწავლების გარდა ორიენტირებული უნდა იყოს უსაფრთხოებასა და ბავშვების ჯანმრთელობაზე.
  • საგანანათლებლო სექტორი მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ჯანდაცვის უწყებებთან.
  • აუცილებელია სკოლის პედიატრების, სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციების და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობა. მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით აუცილებელია. არცერთი ცალკეული სტრუქტურის ძალისხმევას არ შეუძლია სრულად აღკვეთოს ინფექციის გავრცელების რისკი, მაგრამ ერთობლივ კოორდინირებულ ჩარევას მისი შემცირება შეუძლია.
  • განსაკუთრებულად უნდა იქნას გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსაწავლეების ინტერესები. 
  • აუცილებელია სკოლებში ფიზიკური დისტანცირების დაცვა.
  • აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, განათავსონ მერხები დაახლოებით 2 მეტრიანი დისტანციით, თუმცა ერთმეტრიანი დისტანცირება ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული მაშინ, როცა მოსწავლეები იყენებენ ნიღბებს და არიან უსიმპტომოები.
  • დაბალ კლასებში სჯობს კლასების რიცხობრიობის შემცირება.
  • ინფექციის რისკის მატების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, თუ მშობელთა ვიზიტები სკოლებში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
  • ისეთ ადგილებში, სადაც სკოლის თანამშრომელთა დისტანცირება ვერ ხერხდება, სჯობს გათვალისწინებული იყოს მინის ბარიერები.

საბავშვო ბაღებში დისტანცირება გაცილებით ძნელი განსახორციელებელია, ვიდრე სკოლაში. ამიტომ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხელების ჰიგიენას, პერსონალის და მშობლების ტრენინგს, პერსონალის დისტანცირებას, რომელთაც უნდა ეკეთოთ ნიღბები.

  • ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორების შეზღუდვა, ოთახების ხშირი განიავება. თუ ამინდი იძლევა საშუალებას, აუცილებელია ბავშვების ღია სივრცეებში ხშირად გაყვანა.
  • რეკომენდებულია ნიღბების გამოყენება განსაკუთრებით იქ, სადაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა ბავშვებსა და მოზრდილებში.
  • აუცილებლად უნდა შეიზღუდოს ახლო კონტაქტები იმ სივრცეებში, სადაც ბავშვს ღრმა სუნთქვა სჭირდება, მაგალითად, სიმღერის და სპორტის გაკვეთილები.
  • გაკვეთილზე ყურადღებას უნდა მიექცეს მასწავლებლის დისტანცირებას. უმჯობესია ბავშვებსა და მასწავლებელს შორის დისტანცია 2 მეტრი იყოს, თუ, რათქმაუნდა, ეს ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს.
  • სკოლის კორიდორებში უმჯობესია ცალმხრივი მოძრაობების ორგანიზზება მჭიდრო კონტაქტების თავიდან ასაცილებლად.
  • სასწავლო პროცესი სჯობს დაიგეგმოს იმგვარად, რომ კლასს არ უწევდეს სკოლის შენობაში სხვადასხვა საკლასო ოთახში გადაადგილება. უმჯობესია, ერთსადაიმავე კლასში იცვლებოდეს სხვადასხვა საგნის მასწავალებელი.
  • თუ სკოლას აქვს თავისი ავტობუსი, საჭირო იქნება კლინიკური ნიშნების სკრინინგი, სანამ ბავშვი ავტობუსში ავა. თუმცა ამას დასჭირდება დამხმარე ადამიანი, რადგან მძღოლისათვის ავტობუსში ამსვლელი ბავშვებისათვის ტემპერატურის შემოწმება მოუხერხებელია.
  • მიზანშეწონილია ავტობუსში ერთი კლასის მოსწავლეები ერთ ჯგუფად ისხდენენ.
  • თუ ავტობუსში შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, აუცილებელია ნიღებების გამოყენება.
  • მძღოლს უნდა ეკეთოს ნიღაბი. შეძლებისდაგვარად რეკომენდებულია ავტობუსში ბავშვების სიმჭიდროვის შეზღუდვა.
  • თუ მეტეოროლოგიური პირობები იძლევა ამის საშუალებას, სჯობს, ავტობუსში ფანჯრები ღია იყოს.
  • სათამაშო მოედნებზე დისტანცირება ძნელდება, ამიტომ ბავშვების მცირე ჯგიუფებად გაყვანა სჯობს.
  • კვებისათვის უმჯობესია განცალკევებული საათების გამოყოფა , რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსწავლეთა დიდი რაოდენობის თავშეყრა სასკოლო კაფეტერიებში. ამისათვის იდეალურია ღია სივრცის გამოყოფა, სადაც ამისი შესაძლებლობა არსებობს.
  • აუცილებელია სკოლებში სველი წერტილების გამართული მუშაობა და მოსაწავლეებისათვის ხელების ხშირი დაბანისა და დეზინფიცირების უზრუნველყოფა.
  • მასწავალებელებმა აუცილებლად უნდა მისცენ მოსწავლეებს დისტანცირების, ხელების ჰიგიენის, ნიღბის გამოყენების მაგალითი.
  • განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ზედაპირების დამუშავება. საბავშვო დაწესებულებებში გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ უსაფრთხო ქიმიური საშუალებები, რომელბიც არ შეიცავენ კანცეროგენულ ან ალერგიულ ნივთიერებებს. ზედაპირები ჯერ უნდა გაიწმინდოს და მხოლოდ შემდეგ დამუშავდეს. საპნიანი წყლით გაწმენდა მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის არსებობის შანსს ზედაპირებზე.
  • აუცილებლად უნდა განემარტოთ მშობლებს, რომ თუ ბავშვს აქვს ცხელება ან დაავადების სხვა სიმპტომები, ის სასკოლო დაწესსებულებებში არ უნდა გაუშვან. ამით ინფექციების გავრცელებას დაბლოკავენ.
  • სკოლები მზად უნდა იყონ, აუცილებლობის შემთხვევაში დააკორექტირონ სასწავლო გეგმები. ამავდროულად აკადემიური გეგემები უნდა იყოს რეალისტური, რათა არ გახდეს მოსწავლეთათვის დამატებითი შფოთვის საგანი ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ.
  • დიდი ყურადღება უნდა დავუთომოთ ბავშვების ქცევას და ემოციებს პოსტკარანტინულ სიტუაციაში. მასწავლებლები უნდა იყონ ინტრუქტირებულნი, თუ როგორ უნდა ესაუბრონ ბავშვებს პანდემიის თემაზე.

სასწავალო დაწესებულებების მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებსაც. ისევე როგორც მოსწავლეებისათვის, მათთვისაც სტრესული იყო კარატინის პირობებში სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვა.

აშშ პედიატრიის აკადემია ყურადღებას ამახვილებს ვაქცინაციაზე და რეკომენდაციას უწევს გადადებული აცრების დროულ ჩატარებას. ასევე რეკომენდაციას უწევს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

წაიკითხეთ სრულად