Baby Bag

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები სამსახურში ბევრად მეტ სტრესს ​განიცდიან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები. გამოკითხული ყოველი მეხუთე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სამუშაო დღის მანძილზე გამუდმებით დაძაბული და აღელვებულია, მაშინ როდესაც სხვა პროფესიების წარმომადგენლებიდან მსგავსი პრობლემა რვა ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს. 

მოსწავლეთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მასწავლებელთა ნაწილის სკოლიდან გასვლა პედაგოგებს სტრესულ გარემოში მუშაობას აიძულებს. თვეების მანძილზე ინტენსიური შრომა მასწავლებლების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. მათ სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით დასვენებისთვის ბევრად ცოტა დრო რჩებათ.

გამოკითხულ მასწავლებელთა 41 % თვლის, რომ მათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, მაშინ როდესაც მსგავს უკმაყოფილებას კვლევაში მონაწილე სხვა პროფესიების წარმომადგენლების მხოლოდ 32 პროცენტი გამოთქვამს.

მკვლევარები თვლიან, რომ პედაგოგთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს სტრესისგან მეტად დაიცავს. მასწავლებლებს საზოგადოებისგან გაცილებით მეტი თანადგომა, აღიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე აქვთ. მათ უკეთესი სამუშაო გარემო და პირობები ესაჭიროებათ, რათა დაძაბულობის გარეშე მუშაობა შეძლონ, რაც მხოლოდ სწორი მენეჯმენტისა და სასწავლო პროცესის სათანადო ორგანიზების პირობებშია შესაძლებელი.

კარგი მასწავლებლები ხშირად საკუთარ პროფესიაზე უარს ამბობენ, რადგან დატვირთულ გრაფიკს და არასახარბიელო სამუშაო პირობებს ვერ უძლებენ.

მკვლევარები თვლიან, რომ მოქნილი სამუშაო გარემო, პროფესიული წინსვლისა და ზრდის ჩამოყალიბებული სისტემის არსებობა და მოწესრიგებული ბიუროკრატია მასწავლებელთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის და მათ ფსიქიკაზეც დადებითად აისახება.

მომზადებულია ​independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად