Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად