Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, ბავშვებმა კი ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს,“ - ზაზა თელია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

„აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, ბავშვებმა კი ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს,“ - ზაზა თელია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება ან მის გაკეთებაზე უარის თქმა სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზეც აისახება:

„დღეს ყველაზე საჭირო რამ, რაც მთელ მსოფლიოში ყველას სჭირდება, არის ეფექტური ვაქცინა. ​კვლევებმა დაადასტურა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. დღეისთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს ვაქცინა. ავიცრებით თუ არ ავიცრებით, ამით ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზეც.“

ზაზა თელიას თქმით, ბავშვებს პირბადის სწორად გამოყენება უჭირთ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები აცრილები იყვნენ:

„ახლა იწყება სწავლა. ბავშვებს პირბადის სწორად გამოყენება გაუჭირდებათ. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მასწავლებლები იყვნენ აცრილები. კალიფორნიაში არის ჩატარებული ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც​ აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, წინა მერხებზე მსხდომი ბავშვები. ამ ბავშვებმა ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს. ჩვენ სტატისტიკურად რისკები უნდა შევაფასოთ. საზოგადოებისთვის აღქმა შეიძლება იყოს უფრო მარტივი, თუ უფრო გასაგებ ენაზე მივაწოდებთ ინფორმაციას.“

„აცრილებში ნაკლებია რისკი, აუცრელებში მეტია. რა თქმა უნდა, 100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ არსებობს 100 %-იანი ეფექტურობის მედიკამენტი. შესაძლებელია, რომ აცრილსაც დაემართოს კოვიდი, თუმცა ამის რისკი ბევრად ნაკლებია. თუ აცრილს დაემართა, პოტენციურად შეიძლება აუცრელსაც გადასდოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აცრილებში რისკი ნაკლებია. ​ვირუსის გამრავლება ბევრად მეტია აუცრელ ადამიანებში. ვირუსის მუტირება უფრო მეტი ალბათობით მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გამრავლება მეტია. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მივიღოთ ახალი მუტირებული შტამი,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად